რას პასუხობს ხელისუფლება ბაიდენსა და მაკრონს

პუბლიკა

ხელისუფლების წევრები აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებას ეხმაურებიან.

ბაიდენი და მაკრონი „ქართული ოცნებას” მოუწოდებენ, პატივი სცენ საზოგადოების სურვილს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტების განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მდინარაძე პასუხს ითხოვს კითხვაზე: „როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს?!”

„ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭვირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ.

ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!

ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს. ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო იმავე სფეროს რეგულირების, ასევე გაცილებით მკაცრი კანონი!..”, – წერს მდინარაძე.

ბაიდენისა და მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოსთვის ასეთი მოწოდება უბრალოდ არარელევანტურია”.

„თუ განცხადება საკუთრივ მცდარია და არასწორ საფუძვლებს ეყრდნობა, მისი ავტორი როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, ამ მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს მართებულად ვერ გადააქცევს.

შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვინც საქართველოში არსებული მდგომარეობა რეალურად იცის და საკუთარ დამოკიდებულებებს მხოლოდ ემოციებით არ საზღვრავს, ამ შემთხვევაში, ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ასეთი მოწოდება უბრალოდ არარელევანტურია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი კი ისევ ირწმუნება, რომ აშშ-შიც და საფრანგეთშიც ანალოგიური კანონები მოქმედებს და არასამართლიანია, როდესაც საქართველოს ამ კანონის გაუქმებას სთხოვენ.

„როდესაც საფრანგეთის სახელმწიფომ მიიღო ზუსტად ანალოგიური შინაარსის კანონი, რაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და თან გაცილებით უფრო მკაცრი და იმავე კანონზე მე მეუბნები, რომ არ უნდა მიიღო, რა თქმა უნდა, კანონზომიერებამ გასცა პასუხი და მიიღო საკუთარი საზოგადოებისგან ის პასუხი, რაც მიიღო.

რაც შეეხება ამერიკას, აქაც თითქმის საუკუნე ხდება უკვე, რომ არსებობს ზუსტად იგივე შინაარსის კანონი კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებული, რა თქმა უნდა. ქართული კანონი მოქმედებს და იმოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ისევე, როგორც ამერიკაში მოქმედებს ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთში ფრანგული ინტერესებიდან გამომდინარე”, – ამბობს მაჭარაშვილი.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას საქართველოს ხალხის ევროანტლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცენ საზოგადოების სურვილს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.