15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იმავე დღეს ჩვენების იძულების მუხლით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს, რომელიც ერთ-ერთია იმ პირთაგან, ვინც 10-11 დეკემბერს დიღმის პოლიციის განყოფილებაში „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის საქმეზე ლუკა სირაძის გამოკითხვას ატარებდა.
ჩოლოიანის დაკავების შემდეგ საზოგადოებაში გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. მთავარი კითხვა შესაძლო ბრალდებულთა წრის მისამართითაა – რატომ დააკავეს მხოლოდ მარიამ ჩოლოიანი, როცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით და ასევე საია-ს იურისტის თქმით, საქმეთა მასალებიდანაც და მოწმეთა ჩვენებებიდან ჩანს, რომ გამოკითხვაში 3-4 ადამიანი მონაწილეობდა და ჩოლოიანი არ იყო ერთადერთი, ვინც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურად იძალადა.
ლუკა სირაძეზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობას ინსპექტორის სახელმწიფო სამსახური იძიებს. საგამომძიებლო ორგანო ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტავს ჩოლოიანის დაკავების მიზეზს – გამოძიების მიხედვით საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ჩოლოიანმა გამოკითხვაზე მისული ლუკა სირაძე და მისი ყოფილი თანაკლასელი ერთმანეთთან დააპირისპირა და მას თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიების პარალელურად საზოგადოებაში არსებობს კითხვები სკოლის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ხელისუფლების მხრიდან სკოლის პასუხისმგებლობაზე საუბარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ შეფასდა, როგორც ისრების სკოლისკენ გადატანის მცდელობა. საია-ში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობის გარკვეული წილი შეიძლება მართლაც ეკისრებოდეს სკოლას, „მაგრამ მთავარი, რაც ამ საქმეშია, ეს არის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ფაქტი – ბავშვის გაყვანა და კანონიერი წარმომადგენლის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება”.
რა კითხვები არსებობს სკოლის ქმედებებთან დაკავშირებით
იყო თუ არა სკოლის მიერ იდენტიფიცირებული კედლების მოხატვაში ბრალდებული პატრულის გამოძახებამდე? გამოკითხა თუ არა სკოლის ადმინისტრაციამ სხვა მოსწავლეები შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირებისთვის? მოიპოვა თუ არა სკოლამ დაუხურული ჯგუფიდან, ე.წ. სქრინშოტები და თუ – კი, როგორ? და თქვა თუ არა უარი სკოლამ ოჯახთან მორიგებაზე გამოძიების დაწყებამდე?
ჰყავდა თუ არა სკოლას პოლიციის გამოძახებამდე იდენტიფიცირებული სავარაუდო ბრალდებული და როგორ მოახდინა იდენტიფიცირება?
ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ საზოგადოებამ მეტი დეტალი გაიგო.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურ პოლიციაში განცხადების შეტანამდე „მწვანე სკოლის“ ადამინისტრაციას, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავდა პირი, რომელმაც მოხატა სკოლის კედლები და სკოლას პირის იდენტიფიცირებისთვის მხოლოდ ვიდეოჩანაწერები არ გამოუყენებია.
გამოძიების მასალებზე დაყრდნობით ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელი რეზო აჭარაძე ამბობს, რომ სკოლამ პოლიციის გამოძახებამდე სკოლის 4 მოსწავლე გამოკითხა და, სავარაუდოდ, მათთან საუბრის შემდეგ გაარკვია, ვის შეიძლებოდა მოეხატა სკოლის კედლები.
მისივე თქმით, ეს მასალებში გამოკითხული მოსწავლეების ჩვენებებიდან დგინდება, თუმცა საპირისპიროს ამბობს სკოლის ადმინისტრაცია. ჭეშმარიტების დასადგენად გამოძიებამ სკოლიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღო, რაც, სავარაუდოდ, გამოძიებას დაეხმარება, დაადგინოს, რა მოხდა სკოლაში პატრულის მისვლამდე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ დახურულ ჯგუფში ნახა მოსწავლეთა შორის მიმოწერა და პოლიციას კამერის ჩანაწერებთან ერთად დახურული ჯგუფის მიმოწერის სქრინებიც გადასცა.
პოლიციის მისვლამდე მოსწავლეთა გამოკითხვასა და პოლიციისთვის არასრულწლოვანთა მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების გადაცემაზე სახელმწიფო ინსპექტორის საუბრობს.
„სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა ვიდეო-კამერების ჩანაწერები მასში აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირების მიზნით. ამის შემდეგ, დაიწყო ბავშვების ჯგუფური გამოკითხვა; ბავშვებისათვის ჩანაწერებზე აღბეჭდილი პირის წარდგენა იდენტიფიცირების მიზნით. პარალელურად გამოიძახეს პოლიცია, ვინაიდან ჩაითვალა, რომ იყო პოლიციისთვის შეტყობინების საჭიროებას. პოლიციის მისვლამდეც ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა ვიდეოჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლაში“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესასწავლად შევიდა. თუმცა, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამბობენ, შემოწმება არ უკავშირდებოდა, ე.წ. სქრინებზე გავრცელებულ ამბავს.
„შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი ადგენს კონკრეტულ წესებსა და პირობებს, რა შემთხვევაშია დასაშვები ვიდეოთვალთვალი. სწორედ ამ კანონმდებლობით დადგენილ წესებს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური”, – გვითხრეს ინსპექტორის სამსახურში.
სკოლას რომ შესაძლო დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდა, ამას ამბობს მარიამ ჩოლოიანის ადვოკატიც.
ლუკას ძმის თქმით, მისთვის უცნობია, იცოდა თუ არა სკოლამ შესაძლო დამნაშავის ვინაობა.
“ეგ არ ვიცი. ჩემი ძმა განყოფილებაში რომ დაიბარეს, იქ უთხრეს, რომ კამერებში ჩანხარ და ვიცით, რომ შენ იყავიო, – ამბობს ლუკას ძმა.
„პუბლიკას“ დაუკავშირდა „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურს და სკოლასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა. სკოლის დირექტორმა პასუხები წერილობით მოგვაწოდა.
კითხვაზე ჰყავდა თუ არა სკოლას პატრულის გამოძახებამდე იდეტიფიცირებული შესაძლო დამნაშავე, კახა დავითურმა გვიპასუხა:
„სკოლამ ვერ მოახერხა ღამით შემოსული პიროვნების იდენტიფიცირება და სწორედ ამაში დასახმარებლად და მოსწავლეებისთვის პოტენციური საფრთხისაგან თავდაცვისა და პრევენციისათვის მიმართა 112-ს. საპატრულო პოლიცია სკოლაში მოვიდა ოპერატიულად. მათ მიერ გამოძახებულმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროცესების მართვა. ამ პროცესებისას სკოლა თანამშრომლობდა კანონის წარმომადგენლებთან, მათი მითითებების შესაბამისად, რათა იდენტიფიცირებული ყოფილიყო დამნაშავე და მომხდარიყო სკოლის მოსწავლეებისთვის შესაძლო საფრთხის თავიდან აცილება“.
კახა დავითური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლას პირის იდენტიფიცირება არ მოუხდენია, სკოლის თანამშრომლები ეხმარებოდნენ პოლიციას მათი მითითებების შესაბამისად და ზრუნავდნენ ოპერატიული ღონისძიებებისას გამოკითხული პირებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნაზე.
„აღნიშნულთან დაკავშირებული უფრო დეტალური ინფორმაცია მიწოდებული იქნა სკოლის თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიცემულ ჩვენებებში“, – ამბობს კახა დავითური.
რაც შეეხება დახურულ ჯგუფში მოსწავლეთა შორის მიმოწერას კახა დავითური ამბობს, რომ „სკოლის დირექტორს სკოლის არცერთ მოსწავლესთან არანაირი შეხება და კომუნიკაცია არ ჰქონია. შესაბამისად, საგამოძიებო ქმედებებში მონაწილეობასაც ვერ მიიღებდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სკოლის ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო ქმედებებში, მოქმედებდნენ კანონის წარმომადგენლების დასახმარებლად და მხოლოდ მათი მითითებების შესაბამისად“.
მისივე თქმით, სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ გარკვეული მტკიცებულებების გადაცემის ფაქტს. „ვიდეოკადრები კი ნამდვილად გადასცა სკოლის დაცვამ პოლიციის მოთხოვბისამებრ”.
შესთავაზა თუ არა საგამოძიებო ორგანომ სკოლას ლუკა სირაძის ოჯახთან მორიგება?
მარიამ ჩოლოიანის ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამომძიებელი ორგანო არ იწყებდა გამოძიებას, ის ცდილობდა, რომ „მოდავე მხარეები შეთანხმებულიყვნენ“, – ამბობს გაგი მოსიაშვილი.
„5 საათამდე მორიგება ვერ შედგა და მას შემდეგ, რაც სკოლის მოთხოვნაა რომ გამოძიება დაიწყეთ, მე ზიანი მომადგა და კონკრეტულ ციფრებზეა საუბარი, იწყება გამოძიება“, – ამბობს გაგი მოსიაშვილი.
კახა დავითურის თქმით, საგამოძიებო ორგანოს არცერთ თანამშრომელს სკოლისთვის მორიგება არანაირი ფორმით არ შეუთავაზებია.
„სკოლის მიერ პოლიციისადმი მიმართვა ერთადერთი მიზნით განხორციელდა – რაც შეიძლება ოპერატიულად და სრულად აღკვეთილიყო მოსწავლეთა მიმართ რაიმე ტიპის საფრთხის რისკი. სკოლას არ გააჩნია რაიმე ინფორმაცია, როდის დაიწყო გამოძიება. სკოლის თვალთახედვით „გამოძიება“ დაიწყო მაშინ, როდესაც პოლიციელები მოვიდნენ სკოლაში და დაიწყეს ოპერატიული ღონისძიებების გატარება მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით. არანაირი სხვა მიზანი, გარდა სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვისა, სკოლას არ ჰქონია და მასთან სხვა რაიმე საკითხზე არც კომუნიკაცია ყოფილა, მათ შორის არც პოლიციის ინიციატივით“, – ამბობს კახა დავითური.