ოპოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური ლიდერები, რადგან, მათი განცხადებით, ასეთი იყო 8 მარტის შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას.
„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო. მან მოუწოდა ელჩებს, რომ გაახმაურონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და უძღვებოდა ამ მოლაპარაკებებს, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია როდესაც ოქრუაშვილს მიუსაჯეს, დიპლომატიურმა კორპუსმა, ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ განაცხადა, ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია არის ძალიან ნათელი. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ დაიცვას ბოლომდე ეს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების თემა იყო ნაწილი შეთანხმებისა, რაც არაერთხელ გაცხადდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც.
„ბატონი თალაკვაძე ნურავის ნუ მოატყუებს, ნურც ქვეყნის შიგნით და ნურც ქვეყნის გარეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები, რომ ეს ცვლილება მიიღოს. თუ მათ აქვთ ამისი სურვილი, მაგრამ აშკარა არის, როგორც მოხდა ეს პროპორციული არჩევნების სისტემის გადასვლაზე, დღესაც ხელისუფლების გეგმააა, რომ შეთანხმება არ შესრულდეს. მოატყუონ საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართული საზოგადოება“, – აცხადებს სამადაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შედგა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება. მოლაპარაკებები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიმდინარეობდა.
არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, თავის „სატელიტ და პრორუსულ” პარტიებთან ერთად, საჯაროდ მოითხოვს, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს: პრეზიდენტს, სასამართლოსა და პროკურატურას დაავალოს, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლოს, მისი თქმით, მძიმე დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული სამი პირი [ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა].
„ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.