„კომპანია „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს, 16:09 საათზე შემოიტანა და თანხმობა 16:34 საათზე მიიღო“, – აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი აქვეყნებს.
ვიქტორ წილოსანი შპს „ზოომარტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მერიამ მიკროავტობუსით თანამშრომლების გადაადგილების ნებართვის შესახებ კომპანიის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, სიცრუეს უწოდებს.
მისი განმარტებით, კომპანიამ მერიას ორჯერ, 21-22 აპრილს მიმართა და იმავე დღეს მიიღო პასუხი, რომ წერილში მითითებული მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაზე მერია ნებართვას არ გასცემს.
ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, ხმაურიანი განცხადების შემდეგ, „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს შემოიტანა და თანხმობაც რამდენიმე წუთში მიიღო.