პარტია „საქართველოსთვის“ იმ საკრებულოებში, სადაც თავად აქვს გადამწყვეტი ხმა, „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთავაზებას სთავაზობს. ამის შესახებ დღეს პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, საკრებულოებში, სადაც პარტიას „საქართველოსთვის“ გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოების თავმჯდომარეობას საკუთარ წარმომადგენლებს, მოადგილეობას კი „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სთავაზობს.
„ის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ და უნდათ ამ ორპოლუსიანობას თავი დააღწიონ, უპრეცედენტო ზეწოლის, დაშინებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ნათლად აჩვენეს თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი პარტიის მხარდაჭერით და პარტია „საქართველოსთვის“ დღეის მდგომარეობით არის წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონში, წარმოდგენილია რიგ საკრებულოებში, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია, ე.წ. გადამწყვეტი ხმა.
ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც „ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.
ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს“, – ამბობენ პარტიაში.
პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ორივე პოლიტიკურ პარტიას, გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ „ოცნებას“ არ გააგრძელოს „პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე.
ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ – დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.