რას უყვებოდა მკვლელობამდე ანასტასია შატალოვა გამოძიებას - რა წერია ჩვენების ოქმში

პუბლიკა

17 ოქტომბერს, ღამით, თბილისში მოკლული 27 წლის ანასტასია შატალოვას ადვოკატმა, პაატა შავაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს იმ ჩვენების ოქმის ასლი წარუდგინა, რომელშიც რუსეთის მოქალაქე, შატალოვა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან 4 ივნისს მომხდარი კონფლიქტის დეტალებს აღწერს.

ადვოკარის მიერ გავრცელებულ, 5 ივნისს მიცემულ ჩვენებაში ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ 2020 წლის 22 ნოემბრიდან დაახლოებით თვე-ნახევარი საერთო შვილის გამო ზურაბ ბერიძეს შეურიგდა და ერთად ცხოვრობდნენ. შატილოვა ამბობდა, რომ ამ შერიგების პერიოდშიც ზურაბ ბერიძე პერიოდულად ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად, რაც გამოიხატებოდა ლანძღვა-გინებაში.

„დაახლოებით ორ-სამ დღეში ერთხელ მაგინებს დედის მისამართით. მლანძღავს უცენზურო სიტყვებით. მეძახის მეძავს, ნარკომანს და ასე დამცირებულად ვგრძნობ მასთან ერთად ჩვენი საერთო შვილის გამო. იგი არ მაძლევს უფლებას, ჩვენს მცირეწლოვან შვილთან ერთად დავბრუნდე სამშობლოში – რუსეთში. ჩვენს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ეს ფაქტია. როდესაც ვთხოვ, რომ მომცეს ნება, ჩემს შვილთან ერთად წავიდე რუსეთში, ღიზიანდება და იწყებს ჩემს ლანძღვა-გინებას“, – ნათქვამია ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, შატალოვა ბერიძეს ადანაშაულებდა ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

„2021 წლის 4 ივნისს, დილით, დაახლოებით 10 საათისთვის ძიძა იულიამ ჩემი შვილი წაიყვანა სახლიდან ქუჩაში სასეირნოდ. სახლში დავრჩით მე და ზურაბ ბერიძე. ამ დროს ზურაბ ბერიძეს კვლავ ვთხოვე, მოეცა ჩემთვის ნებართვა, ბავშვთან ერთად წავსულიყავი რუსეთში ჩემს მშობლებთან. ამაზე ზურაბი გაბრაზდა და დამიწყო დედის მისამართით გინება. დაახლოებით 13 საათზე ძიძა იულია დაბრუნდა სახლში ლუკასთან ერთად. ბავშვი დაგვიტოვა და თავად წავიდა მაღაზიაში. ზურაბმა განაგრძო ჩემი ლანძღვა-გინება, რაზეც ბავშვი შეშინდა და დაიწყო ტირილი. ამ დროს ვიმყოფებოდით ჩემს საძინებელ ოთახში. ზურაბი ბავშვზეც გაბრაზდა და უყვირა და ხელით მიბიძგა, რის შემდეგაც ბავშვი წაიქცა და საჯდომით დაეცა იატაკზე. იმწუთას ხელში ავიყვანე ბავშვი და დავამშვიდე, რომელიც ტიროდა“, – ნათქვამია ჩვენებაში.

ამავე ჩვენების მიხედვით, შატალოვა აღწერს, თუ როგორ დაემუქრა ბერიძე მას სიცოცხლის მოსპობით.

„ზურაბ ბერიძეს ვთხოვე, ავტოსკოლისთვის გადასახდელი ფული მოეცა ჩემთვის, რაზეც სასტიკი უარი მითხრა. დამემუქრა ავტოსკოლისთვის ფულს არ მოგცემ, მაგ ფულით „კილერს“ დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენს თავსო. ვთხოვე, დამშვიდებულიყო და ბავშვის თანდასწრებით ნორმალურად მოქცეულიყო. იულიამ ბავშვი წაიყვანა თავის ოთახში დასაძინებლად, ხოლო მე წავედი ჩემს საძინებელ ოთახში. უკან შემომყვა ზურაბ ბერიძე, რომელმაც დამიწყო დედის მისამართით გინება და ლანძღვა, შენ მეძავო და ნარკომანოვო. ასევე დამემუქრა მოგკლავ, კისერს გამოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნახავენო. ჩვენი საცხოვრებელი ბინა მრავალბინიანი სახლის მე-6 სართულზე მდებარეობს და ამ მუქარის დროს ზურაბ ბერიძეს ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა შემეშინდა, გამიჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მართლა არ გადაეგდო ჩემი თავი მეექვსე სართულის ფანჯრიდან და არ მოესპო ჩემთვის სისცოცხლე“, – ვკითხულობთ ჩვენების ოქმში.

შატალოვა აღწერდა, რომ აღნიშნული კონფლიქტის დროს ბერიძემ „სამჯერ ჩაარტყა თავში გაშლილი ხელი და თმებში ძლიერად მოქაჩა“:

„კერძოდ, მარჯვენა გაშლილი ხელი ორჯერ დამარტყა სახეში, მარცხენა ლოყაზე და ერთჯერ თავში, ხემის არეში, რის შემდეგაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ დროს ოთახში ვიმყოფებოდით მე და ზურა ბერიძე, სხვა არავინ. კონფლიქტის შემედეგ ზურაბ ბერიძე სახლიდან წავიდა. მოგვიანებით 21:25 საათზე ჩემი მობილური ტელეფონით დავრეკე 112-შ და ოპერატორს შევატყობინე მომხდარის ფაქტის შესახებ“, – აცხადებდა შატალოვა და ოქმის მიხედვით აღწერდა, რომ დარეკვიდან მალევე მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებსაც მომხდარის შესახებ უამბო, პოლიციის სამმართველოში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც სათანადო დახმარება აღმოუჩინა.

პაატა შავაძის თქმით, ზაფხულში ძალადობის შემდეგ ბერიძეს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა მიახლოება ანასტასიასა და შვილთან, თუმცა ამ ორდერს გასდიოდა ვადა და ანასტასიამ ადვოკატს სთხოვა დახმარება, რათა მაქსიმალურად გახანგრძლივებულიყო ორდერის ვადა. სწორედ შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნის გამო უნდა გამართულიყო სასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს, თუმცა ის გადაიდო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფარგლებშიც გამომძიებლები ბათუმში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში იმყოფებოდნენ. ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს. მოგვიანებით თავად ზურაბ ბერიძემ განაცხადა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს და აღნიშნულის გამო, თავადაც ძალიან სწუხს და სჯერა, რომ მალე დააკავებენ დამნაშავეს.

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას საქმეზე 3 პირს – ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავას, ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ბექა ლატარიამ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, ანასტასია შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ქართული მხარისგან  რუსეთის მოქალაქის, თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მოკლულის მამისთვის მისი ცხედრის გადაცემას მოითხოვს. ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სექციის თანამშრომლებს ახლო კონტაქტი აქვთ მოკლულის მამასთან, რომელიც უკვე ჩამოფრინდა თბილსში. რუსეთის ინტერესთა სექციამ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შეტყობინება, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარდაჭერა მიიღონ.