რას წერს ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნაში საქართველოს შესახებ

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

მასში საქართველოს შესახებ წერია:

„ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს კავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.

ამავე დროს, იგი იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის ქმედებების მიმართ, მათ შორის არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება, ისევე როგორც სხვა კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაარსდა და არის კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებული ნაბიჯებიდან უკან დახევა.

საბჭო იმეორებს, რომ ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც ფაქტობრივად იწვევს გაწევრების პროცესის შეჩერებას. საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი 2028 წლამდე.

საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული, დადგეს ამაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და გაატარონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. საბჭო ხაზს უსვამს კომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას.

საბჭო ღრმად არის შეშფოთებული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკანდახევის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც ლგბტი პირების უფლებები.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს.

საბჭო იხსენებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის გადამწყვეტი კომპონენტია. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება შეზღუდვების გარეშე და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებშიც მითითებულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ხარვეზებითა და დაძაბული და უაღრესად პოლარიზებული გარემოთი.

დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საბჭო მკაცრად მოუწოდებს საქართველოს, გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები, მიმართოს ამ და ეუთოს/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს ორგანოების ამ და სხვა რეკომენდაციებს, ასევე შეახსენებს, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ცხრა ნაბიჯის ნაწილია.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია.

საბჭო მწუხარებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკანდახევისა და ზოგადად ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდ ნაკლებობას. ჯერ კიდევ საჭიროა არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. თანაბარი მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ძლიერი გამოცდილების განვითარებას და დეოლიგარქიზაციის ქმედებების განხორციელებას.

საბჭო მწუხარებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკანდახევისა და ზოგადად ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდ ნაკლებობას. ჯერ კიდევ საჭიროა არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. თანაბარი მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ძლიერი გამოცდილების განვითარებას და დეოლიგარქიზაციაზე მუშაობას.

ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების ზომიერ დონეს და შეზღუდულ პროგრესს მოქმედი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. საბჭო მიესალმება ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელებას და მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და განახორციელოს სხვა აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, მათ შორის ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაწილში, იმუშაოს თავშესაფრის უსაფუძვლო მაძიებლების განცხადების საკითხზე და უზრუნველყონ ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

საბჭო აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებელის გაგრძელებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით“.