რასა იუკნევიჩიანე: ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია

პუბლიკა

ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიანეს თქმით, საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტი სუსტი იყო, ხოლო ევროპარლამენტართა შესწორებები მმართველმა გუნდმა დაბლოკა. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის თქმით, მმართველი გუნდი, როგორც ჩანს, არსებულ სიტუაციას ვერ აღიქვამს, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლი კი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც, მისი თქმით, „აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას“.

„ბევრმა ევროპარლამენტარმა შეიტანა განცხადების პროექტში ცვლილებები და ჩვენ გვსურდა, უფრო დაბალანსებული ტექსტი, თუმცა ეს ცვლილებები არ გავიდა, რადგან საქართველოს მმართველი პარტიის უმრავლესობაში მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს შესწორებები დაბლოკეს. ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან გაიმართა უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსია და ვხედავ, რომ ისინი ვერ ხვდებიან არსებულ სიტუაციას და არც იმას, როგორც აღიქვამენ ამ სიტუაციას ევროკავშირსა და ევროპარლამენტში.

თქვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი დასკვნითი განცხადების წინააღმდეგი იყო. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს ეს ყველაფერი. ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა – ის არის ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ივანიშვილი აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას, მაგრამ ამავე დროს, „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები, რომლებიც დღეს მაგიდასთან ისხდნენ, არ არიან ევროპული კურსის წინააღმდეგ, ამიტომ მათ უნდა გაიაზრონ ყველაფერი და გამართონ დისკუსია პარტიაში შიგნით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ქართველ ჟურნალისტებთან, კომენტარის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

_________

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში იმართებოდა, ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.

სხდომამ მუშაობა 13 თებერვალს დაასრულა. ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს კენჭი უნდა ეყარა ერთობლივი განცხადებისა და რეკომენდაციებისთვის, თუმცა ამ ტექსტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა იყო, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.