რასა იუკნევიჩიენე: დებიძინიზაციის გარეშე საქართველოს ევროკავშირში საერთოდ ვერ ვხედავ

პუბლიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე – „გარდამტეხი წელი“ იმყოფება, „ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ „საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და დებიძინიზაციის გარეშე საქართველოს ევროკავშირში საერთოდ ვერ ვხედავ”.

მისივე თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშეა და არჩევანი არის „რუსკი მირსა” და ევროპულ ცხოვრებას შორის”.

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშეა, ქართველი ხალხი, ყველა, ვინც იბრძვის ევროპული ცხოვრებისთვის. არჩევანი არის „რუსკი მირსა” და ევროპულ ცხოვრებას შორის. ეს კანონი, დიახ, რუსული კანონია, ვიტყოდი – კგბ-ის სტილის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას.

თუ დაპირებები ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ შესრულდება, ეჭვგარეშეა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზა შეჩერდება. ამ კანონით მართვისა და მანიპულირების, ამ სტილით ოპოზიციისა და ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერების წინააღმდეგ ასეთი ზიზღით საქართველო ვერ მიაღწევს მეტს, ვიდრე ახლა აქვს.

კანდიდატის სტატუსი არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული, ეს იყო გეოპოლიტიკური ვითარების გამო და ევროკავშირს უნდოდა გზავნილის გაგზავნა ქართველი ხალხისთვის, რომ ისინი არ არიან მარტო, მაგრამ მომავალში ასეთი გადაწყვეტილება აღარ იქნება, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროპული გზის წინააღმდეგ სვლას.

საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და როგორც არაერთხელ ვთქვი – დებიძინიზაცია, ამის გარეშე საქართველოს ევროკავშირში საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან ამ ადამიანის ინტერესი არასდროს იყო ევროკავშირში ყოფნა. მისი ბიზნესები, მისი პოლიტიკური ხედვა არის კრემლის მსგავსი და არა ევროპული”, – ამბობს იუკნევიჩიენე „ფორმულასთან”.