თურმე იმ საშინელებისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებენ, ეს ჩიპები საქართველოდან შედის - მდინარაძე

პუბლიკა

მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის ინტერვიუს შესახებ, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია.

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ობრაიენმა კომენტარში „ელექტრონულ საქონელში“ ე.წ. ჩიპები იგულისხმა.

„აქ არის საუბარი ე.წ. ჩიპებზე, რუსეთი ვაჭრობს ნახევარ მსოფლიოსთან, მათ შორის, ინდოეთთან, ჩინეთთან და აღარ გავაგრძელებ, და თურმე საქართველოდან ჩიპები, რომელიც 3 ჩანთა რომ შეიტანოს ვიღაცამ თვითმფრინავში, ბევრისთვის იქნება საკმარისი… იმ საშინელებისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებენ, თურმე მაინცდამაინც ეს ჩიპები შედის საქართველოდან. აი, ამ სიგიჟეს გაჯერებენ, მერე კითხვებს გასმევინებენ და მერე ამაზე პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“ პასუხს სთხოვთ“, – ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია.

„ხომ იცით, რომ საუბარი არის ჩიპებზე, ანუ რაზეა საუბარი – ერთი პატარა ჩანთა შედის საქართველოდან, ორი პატარა ჩანთა სხვა ქვეყნიდან… ანუ მესამე პატარა ჩანთა იქიდან ვეღარ შეიტანეს და საქართველოდან შედის? ასეთ აბსურდში ნუ აცხოვრებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დღეს კიდევ სჯერათ“, – უპასუხა ჟურნალისტს მდინარაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საქმე ეხება ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებას, მდინარაძემ უპასუხა, რომ სახელებსა და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, მისთვის მნიშვნელოვანია „ის სიმართლე, რომელსაც გიხსნით“.


ობრაიენის თქმით, კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის, მათ შორის, ტრანზიტი მომატებულია საქართველოდან. ეს გასული წლის ბოლომდე კანონიერი იყო, თუმცა ახლა ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ზოგიერთ ამ საქონელზე შეზღუდვა დააწესა. ამის გამო, ობრაიენი მოელის, რომ საქართველოდან ამ სახის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება.