რასაც უკრაინის მთავრობა აკეთებს, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაა - ინაშვილი

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც მოსკოვში გაემგზავრა და შეხვედრებს მართავს, უკრაინული დაზვერვის განცხადებას ეხმაურება, საქართველოს გავლით რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძლო შეტანაზე.

ირმა ინაშვილი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა. ხოლო მათი მთავრობის მხრიდან ყოველდღიურად ჩანს მცდელობა, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას. უკრაინის მსგავსი ომი კი საქართველოში არ უნდა განმეორდეს.

„ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან იმგვარი განცხადებები კეთდება, რომ ეს არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არც კორექტული და არც ობიექტური. რა კონტრაბანდული იარაღი?! ხომ ყველას ესმის, რომ საქართველოდან არაფერი მსგავსი არ ხდება! საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა – ეს ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა, რასაც აკეთებს უკრაინის მთავრობა.

მეორე ფრონტი საქართველოზე არ უნდა გაიხსნას. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. მე სრულიად ვიზიარებ უნგრეთის ხელისუფლების პოზიციას. კონკრეტულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების პათოსს, რომ უნგრეთი იცავს მისი ხალხის ინტერესს და რომ უკრაინის ომი მათი ომი არაა“, – წერს ინაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინისადმი მოთხოვნილი ნეიტრალიტეტი არსობრივად განსხვავდება მოლაპარაკების პროცესში უკრაინული მხარის მიერ გაჟღერებული წინადადებისგან, ინაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მაინც აკრიტიკებს რუსეთთან მოლაპარაკების გამოც და წერს, რომ თუკი უკრაინა რუსეთის მოთხოვნას დასთანხმდებოდა, ომი არ მოხდებოდა.

ინაშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ საქართველომ დაიწყოს რუსეთთან საუბარი და აიცილოს ომი, რომელშიც მისი აზრით „ნაციონალური მოძრაობა“ და უკრაინის ხელისუფლება ითრევს.

„ნაცმოძრაობას ომში ჩვენი ჩათრევა სურს და ალბათ, ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს. ეს არ უნდა დავუშვათ! ეს არ უნდა დავუშვათ!!!

გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც… და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც.

და სწორედ ახლა უნდა ველაპარაკოთ, შოლცის და მაკრონის პარალელურად, რომ ომს და უბედურებას ავცდეთ. ახლა უნდა ველაპარაკოთ, რომ მერე გვიან არ იყოს!“ – წერს ინაშვილი.