რაში მჭირდება მოვიგონო, რომ ველაპარაკე კლიჩკოს - კალაძე

პუბლიკა

„მინდა ასევე გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. ნუ, ესეც არ ვიცი… რა დავარქვა ამ ყველაფერს. აბსურდი და გაუგებარია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება მოვიგონო ის, რომ თითქოს ველაპარაკე კიევის მერს, კლიჩკოს. რატომ უნდა მოვიგონო ეს, აი უბრალოდ არ მესმის, გაუგებარია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტება ბრიფინგზე გააკეთა.

ამით კალაძე გამოეხმაურა კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს კომენტარს „TV პირველთან“, სადაც კლიჩკო აცხადებდა, რომ ომის დაწყების მერე კალაძესთან არ უსაუბრია.

„რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი. ვესაუბრე 3 მარტს – ჯერ იყო და ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე – whatsapp-ზე. ეს იყო ჩემი და [კიშინიოვის] მერის და ამავდროულად მე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი… ერთობლივად გავამზადეთ წერილი და ეს წერილი გამოქვეყნდა სხვადასხვა მედიის საშუალებით. ეს წერილი გავუგზავნეთ მას, რის შემდეგაც მან მაშინვე გადმომირეკა და საუბარი გვქონდა ყველაფერზე – იქ არსებულ მდგომარეობაზე თუ რა ვითარება იყო.

ამის შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია. მქონდა კომუნიკაცია, ასევე, ხარკოვის მერთან. მქონდა კომუნიკაცია ირპენის მერთან. ასე რომ, რა არის ამაში… უბრალოდ რატომ უნდა მოვიტყუო, რა არის ამაში ისეთი, რომ თითქოს მე ვესაუბრე კიევის მერს და ეს იყოს განსაკუთრებული რაღაც ვიღაცისთვის. უბრალოდ გაუგებარია, არ მესმის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.