ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი, რომელსაც სამუზეუმო სფეროში მუშაობა თეა წულუკიანმა დააწყებინა, ბიუჯეტიდან ორ ხელფასს იღებს.
ერთი ხელფასი მუზეუმთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში ერიცხება, მეორე კი უშუალოდ კულტურის სამინისტროსთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, მისი ყოველთვიური ანაზღაურება დარიცხული სახით 7000 ლარამდეა.
„პუბლიკას“ წყარომ მიაწოდა ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის დეკემბერში თეა წულუკიანმა ნიკა ახალბედაშვილთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საგანია „სამინისტროში არამუდმივი ამოცანების განხორციელება.“
ნიკა ახალბედაშვილს ევალება, „მუზეუმთა ჯგუფში არსებული მართვის განსაკუთრებული რეჟიმისა და ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესის კოორდინაცია და სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“ ხელშეკრულებაში ხაზგასმულია, რომ ახალბედაშვილმა სამუშაო უნდა შეასრულოს პირადად.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ის იღებს 3500 ლარს და ის ძალაშია 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე.
ნიკა ახალბედაშვილი ამავდროულად საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია, რისთვისაც 2950 ლარი ხელფასი ერიცხება.
„პუბლიკამ“ ნიკა ახალბედაშვილთან და კულტურის სამინისტროსთან დაკავშირება სცადა. ნიკა ახალბედაშვილმა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და სმს შეტყობინება გავუგზავნეთ – მივწერეთ, რომ კულტურის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ გვქონდა კითხვა, რომლის ფარგლებშიც 3500 ლარი ერიცხება ყოველთვიურად. სმს შეტყობინება გავუგზავნეთ კულტურის სამინისტროსაც, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
რას ავალებს ნიკა ახალბედაშვილს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულება
ნიკა ახალბედაშვილი როგორც კულტურის სამინისტროს, ისე მუზეუმთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში მუზეუმის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს.
განსხვავება არის ის, რომ ერთ შემთხვევაში უშუალოდ სამინისტროს დავალებების შესრულება ევალება, მუზეუმის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კი მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ დაკისრებულ ფუნქციების შესრულებას ავალებს დებულება.
უფრო კონკრეტულად:
კულტურის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ახალბედაშვილს მუზეუმის მართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციასა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულებას ავალებს.
ეროვნული მუზეუმის დებულების მიხედვით, პირველი მოადგილის პოზიციიდან ის ზედამხედველობას უწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, ასრულებს დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს და ამით ხელს უწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.
ხდება თუ არა ფუნქციების დუბლირება სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში და ხომ არ არის მსგავსი შინაარსის შრომითი ურთიერთობა კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება? – ამ საკითხის შეფასება იურისტ სულხან სალაძეს ვთხოვეთ.
სულხან სალაძის შეფასებით, სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულება თითქმის იმეორებს იმ ფუნქციებს, რომელთაც, წესით, ისედაც უნდა ასრულებდეს ნიკა ახალბედაშვილი, მუზეუმში დაკავებული თანამდებობის ფარგლებში.
„ერთი, რომ დუბლირებაა. მეორე – კიდევ უფრო საშიში, რაც შეიძლება ამ პროცესში იყოს, არის ის, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით, ახალბედაშვილი ანგარიშვალდებულია არა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან, არამედ მინისტრთან.
კანონი განსაზღვრავს ინსტიტუციებს შორის ურთიერთობას. კანონით განსაზღვრულია სფეროები და წესები, სად, როდის და რა ფორმით შეიძლება ჩაერიოს სამინისტრო, რა საკითხებზე მიუწვდებოდეს ხელი კონტროლის განხორციელების ნაწილში.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, ფაქტობრივად, სამინისტროს პირდაპირ ჰყავს წარმომადგენელი ეროვნულ მუზეუმში.
კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ ის ამ ყველაფერში იღებს ანაზღაურებას, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ შავ და ცუდ საქმეებს, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ასე უფასებენ. ის არის მინისტრის უხილავი და ხილვადი ხელიც მუზეუმის სისტემაში და ამაში უხდის თანხას.“ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.
ნიკა ახალბედაშვილი თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმში 2021 წლის აპრილში დანიშნა. თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე მუზეუმის დირექტორი ეკა კიკნაძე ჯერ ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
ასევე გაათავისუფლეს ხელოვნებათმცოდნე მაკო მაჭარაშვილი, კურატორები: ნინო ხუნდაძე, ნინო ჩიხლაძე და ნანა ბურჭულაძე. გიდები: ნანა გაბრიჩიძე – ბუაძე, ირმა მანაგაძე და ნინო მაჭარაშვილი. გათავისუფლებულები ხაზს უსვამენ, რომ ძირითადი საკადრო წმენდა მაშინ დაიწყო, როდესაც მუზეუმის დირექტორად უსამართლოდ დაინიშნა ამ პოზიციისთვის შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე კადრი, ნიკა ახალბედაშვილი – იურისტი, რომელიც მანამდე, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.
გათავისუფლება ასევე დაუკავშირეს პეტიციას, რომელიც 2021 წლის დეკემბერში მუზეუმის თანამშრომლებმა გაავრცელეს.
მუზეუმის თანამშრომლები მიმართავდნენ პარლამენტს და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას სთხოვდნენ.
ნიკა ახალბედაშვილის ხელმძღვანელობით რეორგანიზაცია სიმონ ჯანაშიას მუზეუმში ჩატარდა, საიდანაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, 20-მდე თანამშრომელი გათვისუფლდა. გათავისუფლებული თანამშრომლების შეფასებით, ისინი სამუზეუმო სისტემაში მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო დასაჯეს. არეართმა მათგანმა გათავისუფლებაზე მუზეუმის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.