„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 11 მაისს, ბარათაშვილის ქუჩაზე, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1989 წელს დაბადებული ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

უწყების ცნობით, ი.გ. წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვისაა ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, — წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.