სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება. ასევე წაშლილია მისი ძველი დეკლარაციები 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მე-2 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია „თანამდებობის პირთა” ვინაობა, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებსაც.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 2025 წლის 3 სექტემბერს გახდა. თუმცა დეპუტატობის პერიოდში დეკლარაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურად იანვრის ბოლოს აბარებდა. ამ მოცემულობით, მდინარაძეს დეკლარაციის წარდგენა 2026 წლის იანვრის ბოლოს უწევდა. როგორც ეს სუსის წინა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
მან დეკლარაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ამ წლის იანვრის ბოლოს ჩააბარა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა.
(შენიშვნა: თუკი დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ამის თაობაზე შეტყობინება და შემდგომ მისი აღმოფხვრა ყველაზე მეტი 2 თვეს გრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ საჯაროვდება დეკლარაცია).
კანონის თანახმად, დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში თანამდებობის პირი 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმდება. მამუკა მდინარაძეს 4 მოადგილე ჰყავს: ლაშა მაღრაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ლევან ხარაბაძე და თამაზ ბორაშვილი. არც სუსის უფროსსა და არც მის მოადგილეებს დეკლარაციები წარდგენილი არ აქვთ.
„პუბლიკამ” სუსის ხელმძღვანელი პირების მხრიდან დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისა და მამუკა მდინარაძის ძველი დეკლარაციების წაშლის თაობაზე შეკითხვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.
„ვინაიდან თქვენ მიერ დასახელებული თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან”, – გვპასუხობენ უწყებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წელს შეიქმნა. სუსის უფროსის რანგში დეკლარაციებს ავსებდნენ, როგორც ვახტანგ გომელაური, ისე გრიგოლ ლილუაშვილი და მათი მოადგილეები.
რაც შეეხება სუსის კიდევ ერთ ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს, რომელსაც სუსის ისტორიაში ყველაზე ცოტა ხანს მოუწია (4 თვე და 2 კვირაზე მეტი) თანამდებობაზე ყოფნა, 2026 წლის იანვარში მანაც წარადგინა დეკლარაცია სუსის ყოფილი უფროსის რანგში. არცერთი მათგანის ძველი დეკლარაცია დღემდე არ წაშლილა.
სუსი „პარადოქსულს” უწოდებს ნორმას, რომელიც ამავე უწყების თანამდებობის პირებს დეკლარაციების გასაჯაროებას ავალდებულებს და მათივე თქმით, ამაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო.
„გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს”, – მოგვწერეს პასუხად.
ჩვენ დავინტერესდით, რა სახის მუშაობა დაიწყო პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციების არასაჯაროობის ნაწილში და კითხვით საკანონმდებლო ორგანოს მივმართეთ. გავარკვიეთ, რომ ოფიციალურად ამ საკითხზე რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილება დაინიციირებული არაა.
„ეს არის დემოკრატიული ინსტიტუციების სრული მორღვევის მკაფიო მაგალითი… სუსმა ასე გადაწყვიტა, ბიურო ამას დაემორჩილა” – საკანონმდებლო თვითნებობა
„როგორც ჩანს, თვითნებურად გადაწყვიტეს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა და ეს დოკუმენტები დამალეს” – გვეუბნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი ალექსანდრე ქევხიშვილი და სუსის ხელმძღვანელი პირების მხრიდან დეკლარაციის არგასაჯაროებას პირდაპირ კანონდარღვევად აფასებს.
„ეს არის აბსურდული იმიტომ, რომ რაც არის მოქმედი კანონი, იმას უნდა დაემორჩილოს სუსი და არა რაიმე პოტენციურ სამომავლო კანონს. თუ ასეთი საკანონმდებლო ცვლილება დადგება, კი ბატონო. და მერე გამართლებული იქნება თქმა, რომ არ არის სავალდებულო, თუმცა დღეს ასე არ არის და ისინი პირდაპირ არღვევენ კანონს.
საკანონმდებლო თვითნებობა არის, რომ უსაფრთხოების სამსახური წყვეტს, როგორ აღასრულოს კანონი და საერთოდ უგულებელყოფს მოთხოვნებს. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუციების სრული მორღვევის მკაფიო მაგალითი”, – ამბობს ალექსანდრე ქევხიშვილი „პუბლიკასთან”.
ჩვენ ანტიკორუფციული ბიუროს ანალიტიკოსს საერთაშორისო პრაქტიკაზეც ვკითხეთ. ქევხიშვილი გვპასუხობს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც დეკლარაციებზე წვდომა საჯაროდ შეზღუდულია, სხვა ტიპის კონტროლია დაწესებული და გასათვალისწინებელია ადგილობრივი კონტექსტი.
„ეს სფერო ბევრნაირად არის რეგულირებული, რა თქმა უნდა, მაგალითად, ამერიკაში უსაფრთხოების სააგენტოების უფროსებს აქვთ ვალდებულება, რომ შეავსონ დეკლარაცია და გამოთხოვის შემთხვევაში ის საჯარო ხდება. გამჭვირვალობა აქვთ, სტანდარტი აქვთ. ევროპის ქვეყნებში მაგალითად, ზოგან არ არის საჯარო, თუმცა ამ შემთხვევაში არის ისე, რომ მათ აქვთ შიდა მონიტორინგის მექანიზმები, მაგალითად, თვითონ უწყებაში ან პარლამენტის და სხვა უწყებების მიერ ხდება კონტროლი ამ თანამდებობის პირების, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დეკლარაცია არ იყოს საჯარო. ჩვენს შემთხვევაში კონტროლის ასეთი შიდა მექანიზმები არ არსებობს… აქამდე იყო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და ახლა ეს გამჭვირვალობის სტანდარტი იცვლება აუხსნელი მიზეზის გამო.
საზოგადოებრივი კონტროლი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დეკლარაცია არის ღია და თუ დეკლარაციას დახურავ, ე.ი საზოგადოებრივ კონტროლსაც ხურავ ამ უწყების მაღალჩინოსნებზე და სავარაუდოდ, ზუსტად ეს არის მოტივაცია, რომ რეალურად საზოგადოებრივი კონტროლი შეასუსტოს“, – გვეუბნება ალექსანდრე ქევხიშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსი კიდევ ერთ პრობლემად ასახელებს იმას, რომ სუსის „თვითნებურ” გადაწყვეტილებას დაემორჩილა ანტიკორუფციული ბიურო. „სუსი ხომ არ მართავს დეკლარაციების სისტემას და მონიტორინგს, „სუსმა ასე გადაწყვიტა, ბიურო ამას დაემორჩილა. რეალურად ბიუროს კანონს რომ მიჰყვე, არანანირი ვალდებულება არ აქვს, რომ სუსს დაემორჩილოს”, – დასძენს ალექსანდრე.
მისივე თქმით, თეორიულად ვინც არ უნდა გააკონტროლოს სუსის ლიდერების „ქონება და კორუფციის ნიშნები, რაც დეკლარაციებიდან ჩანს ხოლმე”, მექანიზმი არ მუშაობს. ამის მკაფიო მოწმობად კი სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოჰყავს, რომელიც „კორუფციის ბრალებით დააკავეს” და რისი ნიშნებიც შესაძლოა, უწყებას დაენახა, თუ „დეკლარაციას კარგად შეუმოწმებდნენ”.
როდესაც სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძის დეკლარაციები გაქრა, მათ მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო „ანტიკორუფციული ბიურო” იყო. 2026 წლის 2 მარტს ანტიკორუფციულმა ბიურომ დაასრულა თავისი მუშაობა, რომელიც სამ წელიწადსა და სამ თვეს გრძელდებოდა. მისი გაუქმების შემდეგ ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადაიბარა.
„პუბლიკა” აუდიტის სამსახურს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს, დაუკავშირდა. ჩვენ ვიკითხეთ – რატომ არ წარადგინეს ზემოთ ხსენებულმა თანამდებობის პირებმა დეკლარაციები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის შესაბამისად; ასევე რატომ აღარ იძებნება სუსის ამჟამინდელი უფროსის, მამუკა მდინარაძის ძველი დეკლარაციები. აუდიტის სამსახურიდან პასუხი არ მიგვიღია.