რატომ ამბობს მერაბიშვილი ფრაზას - "ორი გვამი მინდა" - ბარამიძის განმარტება

პუბლიკა

ტელეკომპანია პირველის გადაცემაში, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ყვება თუ რას უკავშირდება ვანო მერაბიშვილის გახმაურებული ფრაზა, “ორი გვამი მომიტანეთ”.

“გეტყვით რაზეა იქ საუბარი, მე რამდენადაც ვიცი. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცე პრემიერი ვიყავი და დაქოქილი ტანკებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ინფორმაცია მქონდა. რა თქმა უნდა მოვიკითხე, და ვუთხარი – “ვანო რამ გათქმევინა ეს ორი გვამი”, რასთან დაკავშირებით თქვი მეთქი. როგორც მე ვიცი, მას უთხრეს რომ  ორი ამბოხებული არის გაქცეული,  სხვები ეუბნებიან რომ ისინი ურთიერთსროლაში იქნენ ლიკვიდირებულნი, და ვანო ამბობს, რომ თუ გარდაცვლილები არიან, მოიტანეთ, მაჩვენეთ ეს ორი გვამი. ინფორმაციის დასტურება უნდოდა.

ე.წ. “ორი გვამის” ვიდეო „მუხროვანის სპეცოპერაციისთვის“ მზადების პროცესშია გადაღებული. მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაცია 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა, რის შედეგადაც დაიღუპა გია კრიალაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით მეორე დღეს განცხადება გაავრცელა. შსს-ის ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, დილით დატოვა. მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„ბატონებო, ზუსტად 6 წელიწადი და 9 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე და არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი და რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს. ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.