„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. „ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“ – ამ მოწოდებით მათ დღეს, 26 იანვარს, აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს.
რას მოითხოვენ ექიმები?
-
გაუქმდეს რეორგანიზაციის ბრძანება, რომელიც, მათი თქმით, დაწერილია შანტაჟის ენით და რომელშიც საუბარია იმ კომპენსაციებზე, შეთავაზებებზე, რაც ექიმებმა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევის შემდეგ უნდა მიიღონ.
-
შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც „რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალზე“ იმუშავებს. ექიმების თქმით, ამ სამუშაო ჯგუფში უნდა შედიოდნენ მათი წარმომადგენლები.
აქციის პარალელურად ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებს შეხვედრა დაუნიშნა, თუმცა მათ შეთავაზებაზე უარი თქვეს.
„გუშინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აპირებდა ჩვენთან შეხვედრას და უნდა მოვსულიყავით 7 ადამიანი. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – სანამ არ შეჩერდება რეორგანიზაციის ბრძანება, რომელიც გველაპარაკება შანტაჟის ენით და დროს გვაძლევს მხოლოდ 5 თებერვლამდე, მანამდე სამარცხვინო კომპენსაციებზე მინისტრთან სალაპარაკო არ გვაქვს“. – ამბობენ ექიმები.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმებს ჯანდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა 22 იანვარს ტელევიზიით უთხრეს, რომ ისინი კლინიკის დანგრევის შემდეგ მიიღებდნენ ღირსეულ შეთავაზებებს, ალტერნატიულ სამუშაო ადგილებსა და კომპენსაციებს.
რას სთავაზობენ ექიმებს:
-
ის, ვინც მხოლოდ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ მუშაობს, კლინიკის დანგრევის შემდეგ მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას;
-
ვინც უარს იტყვის 12-თვიან კომპენსაციაზე, სამინისტრო იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში (წინასწარ არ ეუბნებიან ექიმებს, რომელში) დაასაქმებენ და მიიღებს 4 თვის კომპენსაციას.
სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ჯერ მათ „რესპუბლიკურის“ თანამშრომლებისგან უნდა მიიღონ ინფორმაცია, რამდენი მათგანია თანახმა ალტერნატიულ სამსახურზე, რათა შემდგომ სხვა კლინიკებთან დაიწყონ მოლაპარაკებები.
-
სამინისტრო აცხადებს, რომ ისეთ ექიმებს, რომლებსაც ვერ შესთავაზებენ ალტერნატიულ სამსახურს, 3 წლის განმავლობაში გადაუხდიან ყოველთვიურ ხელფასს,
-
თუ „რესპუბლიკურის“თანამშრომელი ამავდროულად სხვა კლინიკაშია დასაქმებული, მიიღებს კომპენსაციას 4 თვის განმავლობაში.
ექიმებისთვის სამინისტროს შეთავაზება კომპენსაციებსა და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილებასთან დაკავშირებით ბუნდოვანი და არადამაჯერებელია.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნაა, ამ ოთხი შეთავაზებიდან ერთ-ერთი 15 თებერვლამდე აირჩიონ.
ექიმებისთვის ეს „შანტაჟის ენა და მოსყიდვის მცდელობაა”. მათ არ იციან, რა ბედი ელით, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ და რეალურად მიიღებენ თუ არა იმ კომპენსაციებს, რომლებსაც დაჰპირდნენ.
ექიმებმა შემდეგი აქცია კვირას 13:00 საათზე „რესპუბლიკურის“ ეზოში დაგეგმეს, აქციებს აანონსებენ, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. მათი თქმით, გადაწყვეტილება „რესპუბლიკურის“ დანგრევასთან დაკავშირებით არა სამინისტროს, არამედ მთავრობას ეკუთვნის. „არის საკითხები, რომლებიც მხოლოდ სამინისტროში არ წყდება“. – ამბობენ ისინი.
22 იანვარს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფო“ დაინგრევა და იქ ახალი კლინიკა აშენდება.
გადაწყვეტილება კლინიკის დანგრევის შესახებ მთავრობის, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემების, გამოწვევებისა და 5 სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული ექსპერტული დასკვნის საფუძველზე“ მიიღეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია რამდენიმე დოკუმენტი. მათ შორისაა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლით დათარიღებული დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაუდებლად უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი.
რა წერია საჯარო დოკუმენტებში?
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 5 დოკუმენტიდან ერთ-ერთში 2024 წლით დათარიღებულ შრომის ინსპექციის სამსახურის მოკვლევის ოქმში ნათქვამია, რომ კლინიკის ფასადი არის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში, დაზიანებული, საიდანაც ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა, როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა დასაქმებულების, ასევე პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება გამოიწვიოს.
მათი განცხადებით, კლინიკის შენობის გარე პერიმეტრზე 2023 წლის დეკემბერში ადგილი ჰქონდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. კერძოდ, საავადმყოფოს მაღლივი სართულებიდან აღინიშნა დაზიანებული ფასადის ფრაგმენტების (ფანჯრის, მეტალის ჩარჩოსა და სამშენებლო ელემენტების) ცვენა. კლინიკის სამკურნალო კომპლექსის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული დაზიანებული ფასადიდან ფრაგმენტები ცვიოდა ძლიერი ქარისა და წვიმის დროსაც.
საჯარო დოკუმენტებს შორისა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც 2022 წლის დეკემბრით თარიღდება.
სამხარაულმა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ძირითადი მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა 2022 წელს შეაფასა, როგორც მწვავე ავარიული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობის არსებული სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.
„შენობის დათვალიერებისას გამოირკვა რომ მაღალსართულიანი მეორე შენობის (სამკურნალო კომპლექსი) ზედა სართულებზე წინა ფასადი დაახლოებით 20-30 სმ (ზოგ ადგილებში უფრო მეტი მანძილითაც) დაშორებულია საყრდენ კედელს, ფანჯრის ალათის გამოვარდნის საწინააღმდეგოდ, ალათები დროებითი მოქნილი დამჭერებით (ნაჭრის ღვედები) ჩამაგრებულია თვითმზიდ გრძივ კედლებში, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედოა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მისი ვარდნა და როგორც შენობის გარე პერიმეტრზე მოძრავ პირთა ასევე შენობის შიდა პერიმეტრზე არსებული პირების (დასაქმებულების, პაციენტების, ვიზიტორების და სხვა პირთა) დაზიანება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
შრომის ინსპექციის სამსახურმა მიიჩნია, რომ აუცილებელია, დაუყოვნებლივ განხორციელდეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაცემული დასკვნის შესრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს სამხარაულის ბიუროს კიდევ ერთი – 2023 წლით დათარიღებული დასკვნა, რომელიც კლინიკის მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობას შეეხება. დასკვნის მიხედვით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – შეუძლებელი.
კიდევ ერთი საჯარო დოკუმენტია სამხარაულის 2018 წელს ჩატარებული დასკვნა, რომელიც აჩვენებს, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს. ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. მოქმედი სეისმური ნორმების სრულად დაკმაყოფილებისათვის საჭიროა არსებული სივრცული კარკასული სქემის გადაკეთება ჩარჩო- კავშირებიან სისტემად, რაც გულისხმობს შენობაში რკინაბეტონის დიაფრაგმების სისტემის მოწყობას შესაბამისი საძირკვლებით, რაც დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს, რისი განხორციელებაც მოცემული შენობის კონსტრუქციის შემთხვევაში შეუძლებელია.
სამინისტრო ირწმუნება, რომ 2023 აგვისტოში, მათი ინიციატივით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტმა, მოამზადა ანგარიში „თანამედროვე საავადმყოფოს საჭიროებები“, რომლის მიზანიც იყო საავადმყოფოს მთავარი განყოფილებებისა და ფუნქციების ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ შენობა ვერ აკმაყოფილებს. თუმცა ეს ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.
რა თქვა მინისტრმა აზარაშვილმა კლინიკის დანგრევის მიზეზებზე?
აზარაშვილის თქმით, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ დღეს ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, პაციენტები აქ ვერ იღებენ მაღალ სამედიცინო მომსახურებას, რაც 21-ე საუკუნეს შეესაბამება, გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა. აზარაშვილმა ეს იმ 5 დოკუმენტის საფუძველზე თქვა, რომელიც ზემოთაა მოყვანილი.
აზარაშვილის თქმით, სწორედ ამ კვლევებით უნდა დადგენილიყო, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯის გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა.
აზარაშვილი ამბობს, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ფასადი ძლიერ ქარს ვერ უძლებს, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული და სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით, დემონტაჟი აუცილებელია.