რატომ არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანები ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში

პუბლიკა

5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ერთხელაც არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანები და მათი უფლებები.

იყვნენ თუ არა დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული სათემო ორგანიზაციები? რა შენიშვნები ჰქონდათ მათ და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მსგავსად, რატომ ვერ მოხვდნენ სტრატეგიის დოკუმენტში ლგბტქი ადამიანები? – სწორედ ეს შეკითხვები დაუსვა „პუბლიკამ“ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციას.

„თანასწორობის მოძრაობის“ სამართლებრივი ოფიცერი, ანა აფციაური აღნიშნავს, რომ სათემო ორგანიზაციას მთავრობის ადმინისტრაციისგან არც სტრატეგიის სამუშაო ვერსია მიუღია და არც პარლამენტში დოკუმენტის წარდგენაზე მიუწვევიათ, ამიტომ მისთვის ბუნდოვანია, მომავალში რამე პროცესში იქნებიან თუ არა ჩართულნი. აფციაურის თქმით, „თანასწორობის მოძრაობამ“ დოკუმენტის სამუშაო ვერსია 23 აგვისტოს მიიღო არა მთავრობის ადმინისტრაციისგან, არამედ პარტნიორი ორგანიზაციის დახმარებით. მისივე თქმით, კომენტარებისა და შენიშვნების გაგზავნის ვადა 31 აგვისტოს ჩათვლით იყო, თუმცა 31 აგვისტოსვე პარლამენტში ამ დოკუმენტის პრეზენტაცია მოეწყო.

„2020 წლის ივნისში მთავრობის ადმინისტრაციამ  ადამიანის უფლებათა 2021-2030 წლების სტრატეგიის სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების პირველადი დოკუმენტი გაგვიზიარა, რომელიც კომენტარებით და შენიშვნებით დავუბრუნეთ. ამის შემდეგ მალევე მთავრობის ადმინისტრაცია შეიცვალა და სრულად გაწყდა კომუნიკაცია. „თანასწორობის მოძრაობა“ აღარ მიუწვევიათ არც ერთ სამუშაო პროცესში. თუ ჩვენ ადმინისტრაციიდან/ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოდან ვინმეს ვიწვევდით შეხვედრებზე, არ მოდიოდნენ“, – ამბობს ანა აფციაური.

როგორც აფციაური იხსენებს, 2022 წლის აპრილში ორგანიზაციამ მოიკითხა სტრატეგიის სტატუსი და სამუშაო პროცესში მუშაობის სურვილიც გამოთქვა, პასუხად კი მიიღო, რომ მიმდინარეობდა დებულებებზე შეთანხმება.

„სტრატეგიის არც ერთი მიმართულება არ მოიცავს ლგბტქი საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვიცოდით, ლგბტქი საკითხები სტრატეგიაში აუცილებლად მოხვდებოდა“.

სტრატეგიის სამუშაო ვერსია მთავრობისგან არც „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს“ (WISG) მიუღია, ორგანიზაციას დოკუმენტი პარტნიორმა ორგანიზაციამ მიაწოდა, თუმცა, „თანასწორობის მოძრაობისგან“ განსხვავებით, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციაზე მიიწვიეს. WISG-ის წარმომადგენელი ელენე ქაიხოსროშვილი აკრიტიკებს მუშაობის ფორმატს, რომელიც „მხოლოდ დოკუმენტის გამოგზავნითა და კომენტარების დართვით“ შემოიფარგლებოდა. იგი აღნიშნავს, რომ შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატი ორგანიზაციებს საშუალებას მისცემდა, უფრო სიღრმისეულად მიეღოთ მონაწილეობა განხილვაში და მეტად დაერწმუნებინათ გადაწყვეტილების მიმღები პირები გარკვეული საკითხების დოკუმენტში ასახვის აუცილებლობაში.

ელენე ქაიხოსროშვილის თქმით, ლგბტ ადამიანები რომ დოკუმენტში ნახსენებიც არ იყო, ეს არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა გააკრიტიკა, არამედ ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმაც.

„ლგბტ ადამიანების ჯგუფი არ არის რაღაც ჰომოგენური ჯგუფი და ბევრი ის საკითხი, რაც ასახულია ამ სტრატეგიაში, თუნდაც, ჯერჯერობით, მხოლოდ დეკლარირებულად, რა თქმა უნდა, მათზეც იქონიებს გავლენას, თუმცა დოკუმენტში ისინი არ არიან ნახსენები, არ არის ნახსენები კონკრეტულად ის სპეციფიკური პრობლემები, რაც მათ წინაშე დგას და რაზეც უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. არ არის ნახსენები ჰომოფობია, ტრანსფობია და, მაგალითად, ის საფრთხეები, ე.წ. ანტიგენდერული ჯგუფები, რომლებიც ძალიან აგრესიულად არიან განწყობილნი. ამ დოკუმენტის წაკითხვით ჩვენ ვერ ვხედავთ, აღიარებს თუ არა სახელმწიფო, რომ ჰომო, ბი, ტრანსფობია სისტემური პრობლემაა საზოგადოებაში და ხედავს თუ არა ამ სისტემური პრობლემის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ და უფლებაშელახულ ლგბტ ადამიანების საჭიროებებს, პრიორიტეტულად ზრუნავს მათზე ან მზადყოფნას აცხადებს, რომ იზრუნოს ამაზე“, – ამბობს ელენე ქაიხოსროშვილი.

მისივე თქმით, შეზღუდული დროის მიუხედავად, WISG-მა მთავრობას მიაწოდა სტრატეგიის შესახებ მოსაზრებები, რომელიც ეხებოდა ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციული ძალადობისგან დაცვას, სერვისების შექმნის საჭიროებას მათთვის, ვინც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი გახდა, ასევე ტრანსი ადამიანებისთვის სპეციფიკური ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე წვდომის გაზრდას, გენდერის სამართლებრივ აღიარებას და ა.შ.

შეკითხვაზე, სხვა ჯგუფების მსგავსად, რატომ არ აისახა ეს პრობლემები დოკუმენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში ასე გვიპასუხეს:

„სტრატეგიის 4 პრიორიტეტიდან, ერთ-ერთი არის თანასწორობა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა. ანუ სახელმწიფო აღიარებს ყველა მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დაცვას, როგორც პრიორიტეტს. დანარჩენი უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში უნდა ითარგმნოს“, – უთხრეს „პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებს საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს და პირველივე ეტაპიდან უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.

უწყებიდან მიღებული პასუხის თანახმად, 23 აგვისტოს სტრატეგიის დოკუმენტი შენიშვნებისა და კომენტარებისთვის გაზიარდა საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორში, დაინტერესებულ პირებსა და საქართველოს სახალხო დამცველთან. 31 აგვისტოს კი გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა.

„შეხვედრის მიზანს სტრატეგიის დოკუმენტზე შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვა წარმოადგენდა. განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩართული მხარეების მიერ გამოთქმული პრიორიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გათვალისწინებული იყო სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში“, – გვპასუხობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობის მოწონების შემდეგ დასამტკიცებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, სადაც შესაძლოა, დოკუმენტში ცვლილებები შეიტანონ.

დოკუმენტის საკომიტეტო განხილვა, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრამდე, ხოლო პლენარულ სხდომაზე განხილვა 21 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება.