რატომ არ არის სრულად ასახული ამ დრომდე მაჟორიტარული ოლქების შედეგები ცესკოს გვერდზე – მიქელაძის განმარტება

პუბლიკა

საქართველოში არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან ნაწილის უბნის შედეგები ამ დრომდე ცესკოს პროგრამაში არ ასახულა. მაგალითად, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში უბნების მხოლოდ 53%-ია შეყვანილი. „პუბლიკა“ ცესკოს წარმომადგენელს, ანა მიქელაძეს განმარტებისთვის დაუკავშირდა. მისი თქმით, უბნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. შემაჯამებელი ოქმები უკვე არსებობს და ჩართული მხარეებისთვის ცნობილია საუბნო ოქმების შედეგები. მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ პროგრამაში ამ ოქმების შედეგების შეყვანას დროს სჭირდება. პირველ ეტაპზე შეიყვანეს პროპორციული შედეგები, იყო 50-მდე სუბიექტი.

„მოგეხსენებათ, რომ ზოგან 4 ბიულეტენი იყო დასათვლელი, ზოგიერთ ოლქში აჭარაში. ზოგან 3, ზოგან კი 2-2 ბიულეტენი, სადაც საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდებოდა არჩევნები. ეს ოქმები ხომ უნდა შემდგარიყო და მოეწოდებინათ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის? ოქმები რომ იტვირთება ჩვენს პროგრამაში, შემდეგ მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება. ჯერ შევიდა პროპორციულის მონაცემები და შემდეგ – მაჟორიტარული ოლქების. როგორც ვიცი, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მაჟორიტარული ოლქების მონაცემთა შეტანა.

წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი საარჩევნო სუბიექტი იყო. პროპორციული სისტემით იყო 50 სუბიექტი, რაც ძალიან ბევრია. ასევე, ცალ-ცალკეა შესატანი მაჟორიტარების მონაცემები. ყველა ოლქში სხვადასხვა რაოდენობის მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ და ამას ემატება საინიციატივო ჯგუფების წარდგენილი კანდიდატებიც. ეს მონაცემები ხომ უნდა შეეყვანათ ოქმების მიხედვით? ამას მიაქვს, ზუსტად, დრო.

ოლქები დათვლილია. შემაჯამებელი ოქმები არსებობს და ყველა მხარეს აქვს საუბნო შემაჯამებელი ოქმები. აქ პროგრამაში ატვირთვაზეა საუბარი და გამოჩენაზე. წინასწარი მონაცემები დღეს უნდა იყოს, ძალიან მალე. ოქმები შედგენილია და ჩართული მხარეებისთვის მიცემულია. უბნებზე პროცესი დასრულებულია. აქ საუბარია იმაზე, რომ ის უბნის ოქმები ჯერ ოლქში მივიდა, შემდეგ სპეციალურ პროგრამაში აიტვირთა და ცესკოში გამოიგზავნა. მაგრამ ასევე მიმდინარეობს ხელით შეყვანა. პროგრამაში შეცდომების გამოსარიცხად ორჯერ მოწმდება შეყვანილი მონაცემები, რათა გამოირიცხოს ადამიანური შეცდომა. ერთს რომ შეჰყავს, მეორესაც შეჰყავს იგივე მონაცემები და დარდება ერთმანეთთან.“– განუცხადა „პუბლიკას“ ანა მიქელაძემ.