წალენჯიხის არჩეულმა მერმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ მან მიიღო მიწვევა პრემიერისგან, მაგრამ არ დაესწრება „საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას“. გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანაშრომლობისთვის მზადაა.
წერილში, რომელიც გია ხარჩილავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, განმარტა, თუ რატომ არ შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.
„ვადასტურებ, რომ მივიღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ი.ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე.
წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად,რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტური გზების ძიება. ამ გზაზე, რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან.
აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარსდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში.
ამასთან, ვაცხადებ, რომ მე არ (ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას და გიზიარებთ არდასწრების საფუძველს:
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში.
არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია.
მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა, რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე, როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება“, – წერს გია ხარჩილავა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებს შეხვდა.