რატომ არ ესწრებოდა "ოცნება" დღეს გამართულ შეხვედრას | მდინარაძის განმარტება

პუბლიკა

რატომ არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრას და როდის გახდება პარტიის პოზიცია ცნობილი მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი დოკუმენტის შესახებ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ imedinews – თან ისაუბრა.

„იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიტსაბჭოს სრულფასოვანი ჩატარება შეუძლებელია.

„პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.