ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურ ხელმძღვანელს, მარინა ეზუგბაიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს კორონავირუსის მქონე მამაკაცზე თერჯოლიდან, რომელმაც 25 მარტს ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ექიმებმა ცალმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და არ ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე.
„მოგვმართა ჩვენ ამ პაციენტმა. ეს პაციენტი თავისი კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდა შესაძლო შემთხვევას. მასთან მოხდა მდგომარეობის შეფასება, დიაგნოზის დასმა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა და ბინაზე გაშვება“, – განმარტავს მარინა ეზუგბაია.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ ჩაუტარდა პაციენტს ტესტირება კორონავირუსზე, რაზეც ეზუგბაიამ უპასუხა, რომ „შესაძლო შემთხვევაში არ შედიოდა“.
„შესაძლო შემთხვევა ნიშნავს, საერთოდ, როგორ არის, იცით? შესაძლო ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა არ განიხილება. შესაძლოს კრიტერიუმებია, რომ მოხდეს გამორჩევა გამოსაკვლევი ადამიანების იმიტომ, რომ ყველა სიცხიანი და ყველა რესპირატორული დაავადებით არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც კორონა. შესაძლო შემთხვევის კრიტერიუმებია მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან. თუ პირი ვერ გაიხსენებს, არ იტყვის, რომ მას რამე კონტაქტი ჰქონდა პირდაპირი ან ირიბი, შესაძლო შემთხვევად არ ჩაითვლება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, არსებული კრიტერიუმები სწორად და ადეკვატურად გამოიყენება, რისი შედეგიც დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარებაა. ეზუგბაია ამბობს, რომ თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, „მისი პრობლემაა. არ უხარია ქვეყნის წარმატება, ქვეყნის წარმატებული, კარგი შედეგები“.
აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ვითარება გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემაც განმარტა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს არსებული პროტოკოლი არ ითვალისწინებდა პაციენტის ტესტირებას. მისივე თქმით, 25 მარტს ჯერ კიდევ დაფიქსირებული არ იყო შიდა გადაცემა.
„როგორ, ახლა, კოვიდინფექციის დროს არ შეიძლება, ადამიანს ცალმხრივი ფილტვების ანთება დაემართოს? მით უმეტეს, იმ პერიოდისთვის არ იყო დაფიქსირებული შიდა შემთხვევები და ექიმმა იმუშავა პროტოკოლის შესაბამისად”, – განუცხადა ენდელაძემ „ტელეკომპანია პირველს”.