„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პლენარულ სესიაზე შეკითხვით მიმართა განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს. სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც ბაღების ავტორიზაციის პერიოდის (ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა) 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
ირმა ზავრადაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ხდება დიფერენცირება და რატომ არის ყველა ბავშვისთვის უფასო საჯარო საბავშვო ბაღი, როდესაც ბაღებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ.
„ფაქტია, რომ 2016 წლიდან 2020 წლამდე ავტორიზაცია ვერ მოხერხდა და ამის მიზეზი პანდემია ვერაფრით ვერ იქნება. ანუ პრობლემა გვაქვს ავტორიზაციის პუნქტებშიც, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი საბავშვო ბაღების ძალიან დიდი ნაწილი.
ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ ასე კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული?
რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ბიუჯეტიდან?
ხომ შეიძლება, რაღაც ფორმის დიფერენცირება; უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი გვაქვს, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს, რომელიც არც ავტორიზაციის ვადის გადაწევის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს და ძალიან ბევრ პრობლემას შეცვლის“, – მიმართა ზავრადაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს.