საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება. ამის შესახებ ომბუდსმენმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ არ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება.
ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება, ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია.
მე ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ საკითხის სადისკუსიო საკითხად წამოწევას, მაშინ, როდესაც ასეთი ტრაგიკული, ასეთი რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია, ხომ?!
ჩვენ არაფერი გვაქვს ხელთ, გარდა იმისა, რომ ამ სიტუაციაში იყოს უფრო მკაცრი რეგულაციები, თუნდაც დროებით, მე არ ვგულისხმობ ხანგრძლივად, მაგრამ როდესაც დღეში 60-70 კაცი იღუპება, ჩვენ არ გვყავს ვაქცინირებულების სათანადო რაოდენობა, არ შეიძლება, ყველაფერი იყოს ღია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.