გადაცემა „ღამის მთავარში” ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ ისაუბრა, რატომ მიმდინარეობს ყველაზე აქტიური სამხედრო მოქმედებები მარიუპოლთან და რატომ არის ქალაქი საკვანძო მნიშვნელობის.
კობახიძე განმარტავს, რომ მარიუპოლიდან აღმოსავლეთით მთელი ტერიტორია რუსებს უკვე დაკავებული აქვთ. ასევე დაკავებულია ტერიტორიები დასავლეთით, ხერსონის ჩათვლით. „და „ნოვორასიას” პროექტი, რაზეც ომის დაწყებამდე ლექციებს კითხულობდა პუტინი, ვერ შეიკვრება, ვერ გაიჭრება ყირიმზე სახმელეთო გასავლელი, თუ მარიუპოლი ვერ აიღეს”.
კობახიძის თქმით, მარიუპოლის აღებით დონეცკის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილის გაკონტროლებაც გაადვილდება – „ჩრდილო-აღმოსავლეთში არის პატარა ქალაქი იზიუმი. რუსულმა ჯარებმა შემოუარეს ხარკოვს, ჩამოდიან ჩრდილოეთიდან, მეორე მხრივ, ლუგანსკის ოლქის ჩრდილო აღმოსავლეთიდან უტევენ და თუ იზიუმი აიღეს, ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილში დაბანაკებული უკრაინული ძალები ალყაში მოექცევიან და რუსები ოლქს სრულად დაიკავებენ”.
ისტორიკოსის აზრით, სანამ მოლაპარაკებათა პროცესი სერიოზულ ფაზაში შევა, რუსებს სურთ ფაქტის წინაშე დააყენონ უკრაინელები, რომ „ნოვორასია“ფიზიკურად რუსეთის კონტროლქვეშაა.
„ნოვორასიაში“ იგულისხმება – ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები, შემდეგ მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი, და ხერსონიც, ყირიმის ჩათვლით.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პუტინს სურს სახე შეინარჩუნოს და ისე გამოვიდეს ამ ომიდან, მას სურს ეს შედეგი, რომელსაც ის თავის ისტებლიშმეტსაც აჩვენებს და მოსახლეობასაც.
„მეორე საკითხია, რამდენად გამოუვა ეს – ამბობს კობახიძე – ქალაქების აღება შესაძლებელია მაშინ, თუ იქ ყველა სულიერს გაანადგურებ. ამას ის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა, კიევი ან ხარკოვი ვერ გააკეთებს, მაგრამ, ვფიქრობ, ის მზად არის ეს მარიუპოლში გააკეთოს და სანახევროდ ეს გაკეთებულიც აქვს”.
მისი მოსაზრებით, სანამ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდება, პუტინს სურს აღმოსავლეთი ნაწილი დაკავებული ჰქონდეს. „სპეკულაციებია, მაგრამ მაინც გამოდის ხმები, რომ შოიგუს ადგილი შეიძლება დაიკავოს კადიროვმა. სწორედ მისებრ სასტიკ ულმობელ მოქცევას მოითხოვს მარიუპოლისა და ლუგანსკის ჩრდილოეთის აღება”.
ისტორიკოსი ამბობს, რომ ჩანს, რუსი ჯარისკაცები არ იბრძვიან გაშმაგებით. არ არიან ძალიან მოტივირებული. „კადიროვის დანიშვნას შესაძლოა ჰქონდეს ის ეფექტი, რომ უფრო მეტი ჩრდილოკავკასიელი წაიყოლოს, ეთნიკურად არასლავები. „მე არ ვფიქრობ, რომ ეს რამე შედეგს დადებს. მაგრამ ომის უფრო გასასტიკების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – ამბობს კობახიძე.