„რა არის „ოცნების" კანონში რუსული?" | განმარტება

პუბლიკა

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი განმარტავს, რატომ არის „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონი რუსული.

„ყველაზე ხშირად რასაც გვეკითხებიან, არის ის, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული. ზოგჯერ კეთილსინდისიერად, ზოგჯერ არაკეთილსინდისიერად, მაგრამ ვუპასუხოთ ყველას.

რა აქცევს ამ კანონს რუსულად, რომელი ჩანაწერი?

ის ადამიანები, რომლებიც ამას არაკეთილსინდისიერად გვეკითხებიან, მათ ძალიან კარგად იციან, რა აქცევს ამ კანონს რუსულად: აქცევს ის, რომ მასში არ არის ორი ჩამკეტი მექანიზმიდან არცერთი. ნებისმიერ დემოკრატიულ, ევროპული ტიპის სახელმწიფოში – აშშ იქნება, ავსტრალია, თუ სხვა სახელმწიფო ევროპის მიღმა, ამ კანონს აქვს ამ ორი ჩამკეტი მექანიზმიდან ერთ-ერთი მაინც და ჩვენს კანონში ამ ორი ჩამკეტი მექანიზმიდან არცერთი არ არის.

პირველი მექანიზმი არის ჩამოთვლა იმ ქვეყნებისა, რომელთა წინააღმდეგაც არის ეს კანონი მიღებული. მაგალითისთვის, როცა საფრანგეთში იღებენ ამ კანონს – საფრანგეთში პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რომელი ქვეყნების საწინააღმდეგოდ იღებენ ამ კანონს. ესენია: რუსეთი, ჩინეთი, ირანი და თურქეთი.

ბრიტანეთს აქვს დანართი, სადაც მითითებულია, რომელი ქვეყნებთან მიმართებაში მოქმედებს ეს კანონი. საფრანგეთში რომ იღებენ ამას, დათქმაც უდევს, პირდაპირ არის მოცემული, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ეს არ გავრცელდება. მაშინ ჩვენთან ამ კანონში ჩაიდოს ასეთი ჩამკეტი მექანიზმი, ჩაიწეროს, რომ ამას ვიღებთ რუსეთის ან ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. რატომ ვაყენებთ რუსეთს და ევროკავშირს ერთ სიბრტყეში? ამით გამოდის, რომ ევროკავშირს ვეუბნებით, რომ ისინი ისეთივე უცხოები არიან ჩვენთვის, ისეთივე მტრულები არიან ჩვენთვის, როგორც რუსეთი.

მეორე ჩამკეტი მექანიზმი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, არის საქმიანობის ტიპის შეზღუდვა ამ კანონის მოქმედებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ ჩამოთვლის შეიძლება მეგობრულ ან არამეგობრული ქვეყნების სიას, მოქმედებს შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით. ეს კანონი უნდა შეეხოს და ეხება ხოლმე ლობისტურ საქმიანობას და არავითარ შემთხვევაში მედია ან არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობებს.

მაგალითისთვის ამერიკა – წინა წელსაც აქტიურად ამბობდნენ, რომ ამერიკაშიც არის ეს კანონი და ჩვენთან რატომ არ უნდა გვქონდეს? – FARA ეხება ლობისტურ საქმიანობას, FARA ეხება ლობისტებს. ამერიკული კანონი მედიის მიმართ გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მედია იყო ფსევდომედია და რეალურად წარმოადგენდა სხვა სახელმწიფოს ინტერესების პირდაპირ აგენტს, მაგალითად, ეს იყო რუსეთის მედიები: Sputnik და Russia Today, ასევე იყო ჩინეთის ერთ-ერთი ტელევიზია და ა.შ.

მაგრამ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, მაგალითად, BBC, DW, France Express, ეს არ ეხებათ. ეს არ შეეხება, მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რომ გახსნას იქ ფილიალი, რადგან მას აქვს ორგანიზაციული დამოუკიდებლობა”, – აღნიშნავს ის.

ამასთან, საბა ბრაჭველი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინიციირებული კანონი ძალაში შევა, საფრთხე დაემუქრება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებას. ასევე, ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენი კანონი, ამისგან განსხვავებით, ზუსტად იმიტომ არის რუსული, რომ მიჰყვება რუსულ ყაიდას. ეს ყაიდა ნიშნავს იმას, რომ არ გამოიყენოს არცერთი ჩამკეტი მექანიზმი და პირიქით, დაარტყას დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უნგრეთში მსგავსი კანონი როცა მიიღეს, რომელიც ევროსასამართლომ გააუქმა, ეს იყო პირდაპირ მიმართული მედიის გასაჩუმებლად, არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფისთვის, ღირსების შესალახად, იმისთვის, რომ ადამიანებს არ ემუშავათ.

თუ შემოთავაზებულ კანონში ჩაიდება დათქმა, რომ ეს ეხება მხოლოდ ლობისტებს, ეს არ იქნება არავითარი პრობლემა.

აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე და დევს საიტებზე. როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, 35 წელია ათასობით ორგანიზაცია ამ ქვეყანაში საქმეს აკეთებს და მთავრობამ არ იცის ეს ფული საიდან მოდის ან სად მიდის. მაგრამ თუ უნდათ ამის დამატებით აღნიშვნა, გრანტების შესახებ კანონში ჩაიწეროს პატარა დამატებითი მუხლი და ეს ყველაფერს მოაგვარებს.

ამის ნაცვლად, მათ სურთ, ქეთი იქნება, ლიკა იქნება, ნანა იქნება თუ სხვა, ამ ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა და ამ ადამიანებმა აღარ გააგრძელონ მუშაობა.

ცალკე საკითხია ის, რა შედეგებს მოიტანს, ამ კანონის მიღება.

ერთი არის საგარეო პოლიტიკური მიმართულება: ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვეღარ შევალთ იმიტომ, რომ ევროკავშირმა ამაზე უფრო მსუბუქი კანონი უნგრეთს გააუქმა. პირდაპირ ვიცით, რომ ასეთი კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. როგორ მიგვიღებს ევროკავშირი მასთან შეუსაბამო კანონებით? შეუძლებელია ეს. უნგრულ კანონში ამაზე უფრო მსუბუქი რეგულაციებია და ისიც გააუქმა ევროკავშირმა ზუსტად იმიტომ, რომ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ურტყამდა. ეს გამოიწვევს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ჩვენი კურსის შეცვლას.

მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იქნება რას გამოიწვევს ეს კანონი შიგნით, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. პირველ რიგში, ეს გამოიწვევს მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც ამ კანონში წერია. რას ნიშნავს ეს? იუსტიციის სამინისტროს 6 თვეში ერთხელ შეეძლება, თუნდაც ანონიმური დასმენის მეშვეობით, შევიდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში და ამოიღოს ნებისმიერი პერსონალური მონაცემი. ექნება ამ მონაცემის დამუშავების და მათ შორის გამოქვეყნების უფლებაც.

მაინტერესებს რომელი ადამიანი მივა სამართლებრივი დახმარების მისაღებად, თუ ეცოდინება, რომ ეს მეორე დღეს შეიძლება გამოქვეყნდეს.

ვინ მივა მედიაში პრობლემის გასაშუქებლად, თუ ეცოდინება, რომ მედიაში შეიძლება შევიდეს იუსტიციის სამინისტრო და ნებისმიერი მისი პერსონალური მონაცემი გამოაქვეყნოს საჯაროდ. არავინ არ მივა.

ეს გამოიწვევს, არა მხოლოდ სტიგმატიზებასა და ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ტერმინებით მომართვას, ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენამდე ხალხი აღარ მოვა. ხალხს აღარ შეეძლება მიიღოს ისეთი სერვისები, როგორებიცაა, იურიდიული დახმარება: ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისების მიწოდება, შშმ ბავშვების დახმარება და ა.შ.

ეს იქნება მთავარი უბედურება, რომელსაც ეს კანონი მოგვიტანს და მართლა მაინტერესებს, რა არის ამ კანონის მიღების მიზანი, თუ არა ამ ადამიანების გაჩუმება, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იმ სერვისების ჩაჭრა და გაუქმება, რომელსაც ისინი დღეს ჩვენი მეშვეობით იღებენ.

როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება? ისეთ სახელმწიფოში, სადაც ყველა მედიას, ორგანიზაციას აკონტროლებს მთავრობა იმის შიშით, რომ იუსტიციას შემოგიშვებს, თუ შენ რაღაც განსხვავებული თქვი? თუ გვინდა ევროპული სახელმწიფო, სადაც ყველას აქვს ერთმანეთის დახმარების თვითორგანიზების საშუალება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში კარგი საქმე გავაკეთოთ?”.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.