რატომ ჩამოვედი | სააკაშვილის სიტყვა სასამართლოზე

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, მას საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 15 წლის შვილმაც ურჩია.

„მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. გამიგია ათასობით ჩვენი თანამემამულისგან, რომლებიც გვხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტში და იმ შეხვედრებზე (ემიგრანტების) ევროპასა და ამერიკაში. რომ უნდა დავბრუნდეთ საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმაც, რომელმაც თქვა, რომ ან ახლა ან არასოდეს, რომ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას.

ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი, რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევარი კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის, ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, პატიმართა ჯანმრთელობის კუთხით.

ბოლოს დედაჩემმა, რომელიც ამ დარბაზში ზის და არის საქართველოს ისტორიის პროფესორი და კარგი მცოდნე, მითხრა, რომ, როგორც დედას არ უნდა, საფრთხეში ჩავიგდო თავი, მაგრამ, როგორც საქართველოს პატრიოტს ვთვლი, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ და რომ მე მარტო დედა არ ვარ და ახლა ვართ ისეთ ცუდ სიტუაციაში, რომ რაღაც უნდა ვქნათ“. – განაცხადა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რომლის დროსაც დააკავეს გიგი უგულავა და აქციის რამდენიმე მონაწილე.