რატომ ჭიანურდება „მწვანე საშვის“ ამოქმედება - გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე „მწვანე საშვის“ კონცეფციის შესახებ იმსჯელა. თამარ გაბუნიას თქმით, გარკვეული საკითხების დაზუსტების შემდეგ საბჭო დამატებით შეიკრიბება „მწვანე საშვის“ განსახილველად.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა აფერხებს ხელისუფლებას, რომ „მწვანე საშვი“ შემოიღოს და უკავშირდება თუ არა ამ პროცესის გაჭიანურება საზოგადოების რეაქციის შიშს, გაბუნიამ უპასუხა, რომ „მწვანე საშვის“ დანერგვამდე მნიშვნელოვანია „ბიზნესის მზაობა“ და შრომის ინსპექციის მხრიდან აღსრულების გარანტიები.

„ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას არ გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა, „მწვანე საშვის“ გარეშე ვერაფრით ვერ მოხვდება იმ გარემოში, სადაც ბიზნესაქტივობა წარმოებს და ასევე, არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციის მხრიდან ის მექანიზმები და გარანტიები, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად, მანამდე ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა, ამდენად ამ გარანტიებზე მიდის ახლა მუშაობა და როგორც კი გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ბრიფინგზე თამარ გაბუნიას ჟურნალისტმა შეახსენა უწინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, ტექნიკურად ყველაფერი მომზადებულია „მწვანე საშვის“ ასამოქმედებლად და რომ ამ საკითხზე ახლა უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. მინისტრის მოადგილეს „მწვანე საშვზე“ პრემიერ-მინისტრის პოზიციის შესახებაც ჰკითხეს.

„მოგეხსენებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება ხშირად ითვალისწინებს და ემყარება ყველა მიმღები მხარის განწყობას, პოზიციას და იმას, თუ რამდენად ეს იქნება სიკეთის მომტანი და არა პირიქით – უკურეაქციის. ამდენად, ამას კიდევ სჭირდება დამატებითი მსჯელობა. ჩვენ მოვისმინეთ დღეს, მივედით საკმაოდ კონკრეტულ შესაძლებლობებამდე. ტექნიკური მზადყოფნა ნამდვილად გვაქვს, არის სისტემა გამართული, ბაზა მუშაობს, არაფერი ამას დამატებით არ სჭირდება, ტელეფონი, ჩვეულებრივი სმარტფონი საკმარისია. ვისაც სმარტფონი არ აქვს, ქაღალდის მატარებელზეც შესაძლებელია ამის გამოყენება, ამდენად, ამ მხრივ, პრობლემა ნამდვილად არ არის, მაგრამ საუბარია იმაზე, ეტაპობრივად როგორ იქნება ყველაზე უკეთესი ამ პროგრამის გაშვება და შემდეგ გაფართოება და რა იქნება ის ოპტიმალური მომენტი, როდესაც ჩვენ ღიად შეგვეძლება ამაზე საუბრის დაწყება. ძალიან მცირე დეტალებია დასაზუსტებელი და, ვფიქრობ, მოკლე ხანში დაზუსტდება ეს დეტალები“, – განაცხადა გაბუნიამ.