რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში - ივანიშვილის განმარტება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე იქნება. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი.

ყრილობას ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა, რომელშიც განმარტა მისი დაბრუნების მიზეზები:

„პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა.

მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისათვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა.

ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა.

მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.

დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.

პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ – სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.

დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის.

ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.

ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე.

ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს“, – განაცხადა მან.