„სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 ივლისს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე – მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.
სახელმწიფო რესურსების გამოყენების ნიშნები დაინახა ორგანიზაციამ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდის გადავადების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებაში.
25 ივნისს სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდები გადაავადა. უწყებამ განაცხადა, რომ გამოცდები ზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე ჩატარდება, ხოლო პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2012 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.
განათლების სისტემაში ამჟამად 14 000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგია.
„2020 წელს, პირველად სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო და მათ ხელშეკრულებები აღარ უნდა გაგრძელებოდათ. მათ სტატუსის ამაღლების შანსი 2020 წლის ზაფხულზე ორგანიზებული გამოცდების დროს უნდა მისცემოდათ, ეს გამოცდა, კი, შემოდგომისთვის გადავადდა და ცნობილი არ არის როდის გაიმართება.
ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას პანდემიით შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს, თუმცა, სამინისტროს არ გადაუვადებია მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა გამოცდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 2020 წელს მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.“ – წერს isfed ანგარიშში.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ პანდემია ზოგადი არგუმენტია და სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს. მისი თქმით, მასწავლებლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ყოველთვის საყურადღებოა, რადგან წარსულში წინასაარჩევნო პერიოდებში არაერთი შემთხვევა იყო, როცა მმართველი პარტია ცდილობდა, წინასაარჩევნო პერიოდში პედაგოგები თავის სასარგებლოდ ჩაერთო.
„პუბლიკა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა ორგანიზაციის ამ შეფასებაზე კომენტარისთვის.
სამინისტროში მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ უწყებამ გამოცდების გადავადებაზე თავისი პოზიცია 25 ივნისს გავრცელებულ რელიზში უკვე ახსნა.