რატომ დარჩა საჩივრების ნაწილი განუხილველი – რას ამბობენ ცესკოში

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1941 საჩივარი შევიდა. მათ შორის, 1272 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა,  564 კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს.

როგორც კომისიაში ამბობენ, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

„საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126 შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა.

მაგალითად, ხშირი იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით საჩივრის წარდგენაზე არაუფლებამოსილი პირი მოითხოვდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნებით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა, მაშინ, როცა მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილება.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჩივრების წარდგენის პროცედურის დარღვევის გამო, საჩივრების განუხილველად დატოვების შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, თავიანთ დასაბუთებაში უთითებდნენ ოქმებისა და მონაცემების სისწორის შესახებ, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ.

რაც შეეხება ინფორმაციას შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით – საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დღეის მდგომარეობით, გადაითვალეს 39 უბნის შედეგი, აქედან 6 შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შეთხვევაში განცხადება/საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ჯამში, გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაზუსტდა და შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით“, – ამბობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

კომისიის ცნობით, ამჟამად სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს საქმეთა განხილვა.