რატომ „ერჩის“ კორონავირუსი ასაკოვან ადამიანებს – პროფესორ ლევან რატიანის მოსაზრება

პუბლიკა

„კორონავირუსი გახლავთ ასაკთან ასოცირებული პათოლოგია. რამდენიმე ფრანგმა მეცნიერმა სიბერესთან ასოცირებული დაავადებაც უწოდა და განმარტეს, თუ რატომ მძიმდებიან ასაკოვანი ადამიანები.

არ ვაშინებ ასაკოვან ადამიანებს, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ადამიანები, რომელთა ასაკიც 60+-ია და ანამნეზში აქვთ დიაგნოზი, რასაც არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ჰქვია“, –თქვა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ლევან რატიანმა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა

რატომ მაინცდამაინც ასაკში და რატომ მაინცდამაინც გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ადამიანები არიან ამ ვირუსის მიმღებნი? – სვამს კითხვას პროფესორი და თავადვე პასუხობს:

„ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია, ჯერჯერობით, არ აღიარებს, მაგრამ გავა დრო და აუცილებლად დადებს დასკვნას, მაინცდამაინც არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანები რატომ სნებოვნდებიან ამ ვირუსით, ვიდრე ახალგაზრდები.

ეს, ჯერჯერობით, ექსპერიმენტების დონეზეა და მხოლოდ რამდენიმე სტატიაა გამოქვეყნებული, მაგრამ ეს სწორედ გამოწვეულია ისეთი პრეპარატების მიღებით, რომლებიც გამოიყენება (ევროპაში განსაკუთრებით) გულის უკმარისობის საპრევენციოდ და ჰიპერტენზიის სამართავად.

შესაძლოა, ვაჭარბებდე, ასე ხმამაღლა რომ ვსაუბრობ, მაგრამ იტალიის მაგალითი გვაჩვენებს, რატომ იხოცება ამდენი ადამიანი? იტალია გენეტიკურად დაბერებული ერია. ყველაზე მეტი ჭარმაგი ადამიანი იტალიის მოსახლეობაშია და, რადგან ეს ადამიანები სვამდნენ ამ პრეპარატებს, მათ ორგანიზმში ვირუსი უფრო სწრაფად იჭრებოდა. და აქედან გამომდინარე, სწრაფად ვითარდებოდა.

ამას, რა თქმა უნდა, დამტკიცება სჭირდება“, – დასძენს პროფესორი.