რატომ ფიქრობთ, რომ მოგცემენ შესაძლებლობას, მანდატი დამოუკიდებლად განახორციელოთ? - ნაცვლიშვილი კანდიდატს

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ორ კანდიდატს მოუსმენს.

დეპუტატების წინაშე პირველი ლელა ჯანაშვილი წარდგა. ბიოგრაფიისა და მისი სამომავლო ხედვის მოკლე მიმოხილვის შემდეგ კანდიდატს პარლამენტის წევრებმა შეკითხვები დაუსვეს.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, როგორ შეაფასებს კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესს, როგორ შეაფასებს იმ რეფორმის წამოწყებას, რომელსაც მხარს, ნაცვლიშვილის თქმით, მხოლოდ „ოცნება“ უჭერდა.

„როგორ უყურებთ იმ საკითხს, რომ პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მიერ დადგენილი ვადით არჩეული დამოუკიდებელი თანამდებობის პირს მოულოდნელად შეუწყდა უფლებამოსილება. რამდენად კონსტიტუციური გგონიათ ეს, როგორც სამართლის სპეციალისტს?“, – ჰკითხა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი ასევე დაინტერესდა, რამდენად აინტერესებს კანდიდატს ის, რომ ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის, რომ სანამ საკითხის კონსტიტუციურობა არ გარკვეულა, პარლამენტში პროცესი მიმდინარეობს.

„უერთდებით თუ არა იმ სულისკვეთებას, რომ პარლამენტს არ აინტერესებს, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო?“ – მიმართა ნაცვლიშვილმა.

ასევე, დეპუტატი დაინტერესდა, ლონდა თოლორაიას გამოცდილების გათვალისწინებით, რატომ ფიქრობს ლელა ჯანაშვილი, რომ მას ექნება დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტია ან უფლებამოსილების ვადის ბოლომდე მუშაობის საშუალება.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პერსოსნალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძირითადი გამოწვევა სისტემასთან ჭიდილი იქნება.

„თქვენი ძირითადი გამოწვევა იქნება რას უშვრებით იმ სისტემას, რომელიც დღეს ყველა ადამიანის საძინებელშია დამონტაჟებული და რომლითაც ადამიანებს, მეორე ათწლეულია, აშანტაჟებენ. ამის არაერთი დამადასტურებელი მასალა საჯარო სივრცეში სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა, სხვადასხვა ხელისუფლების დროს ჩაწერილი, ბოლოს გამოქვეყნდა დიდი „პორცია“, როგორ უსმენენ პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს… არცერთ ამ საქმეზე არ გვინახავს სრულყოფილი, ეფექტიანი, დროული გამოძიება და სახელმწიფოს რეაგირება. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რის იმედად შემოიტანეთ განცხადება, რატომ მოგეცემათ შესაძლებლობა, შეებრძოლოთ სისტემას, რომელიც ძალიან მიზანმიმართულადაა აშენებული და ძალიან კონკრეტული მოტივები აქვს? მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო იქნებით, სახელმწიფო უწყებები თქვენ გვერდით არ დადგებიან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როგორც მოქალაქე, ლელა ჯანაშვილმა აიმაღლა თუ არა ოდესმე ხმა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

გარდა ამ საკითხებისა, ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, როგორ თანამშრომლობას გეგმავს ჯანაშვილი მედიასთან, რადგან, მისი თქმით, თავისი საქმიანობის წარმოსაჩენად საზოგადოებასთან საკომუნიკაციო ერთ-ერთი მთავარი არხი მედიაა.


საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე, დიპლომატების მოწოდებების მიუხედავად, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

კანონის მიღების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებდა, თუმცა, 13 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება არ შეიცავს კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას, ამიტომ მან კანონს ხელი მოაწერა.

ამის შემდეგ ლონდა თოლორაიამ და ცალკე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და სამსახურის გაუქმების პროცესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს.

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.