შოთა გუჯაბიძე, რომელიც წლებია, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად იბრძვის და ქალაქის განაშენიანების პოლიტიკაზე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრობიდან გაათავისუფლეს.
საბჭოს წევრი ის 2013 წლიდან არის და როგორც თავად ამბობს, გათავისუფლებით სხვადასხვა დროს ემუქრებოდნენ. ბრძანებას ხელს მოქმედი დირექტორი ზაურ ახვლედიანი აწერს.
შოთა გუჯაბიძის თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტაზე ბრძანების ტექსტში წერია, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი საბჭოს დისკრედიტაციაა. მისივე თქმით, ბრძანებას ხელი მოაწერეს 22 იანვარს, როცა აქტივისტებმა ბათუმში 16-სართულიანი შენობის მშენებლობის საწინააღმდეგო გამართეს, რომელზეც შოთა გუჯაბიძე კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა, მათ შორის, საბჭოს მისამართით.
„მე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრი ვარ რამდენიმე წელია. ამ საბჭოს არსებობას განსაზღვრავს საქართველოს კანონი კულუტურული მემკვიდრეობის შესახებ. კანონში არაა განსაზღვრული საბჭოს წევრთა რაოდენობა ან ვადები – რამდენი ხანი უნდა იყოს წევრი კომისიაში. მე ამ საბჭოს წევრი 2013 წლიდან ვარ. მაშინ ახალი მოსული იყო ეს ხელისუფლება და მოჩვენებითი იყო მათი პოზიცია, რომ სურდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მე, რაკი საჯაროდ აქტიურად გამოვდიოდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნებით, წარმადგინეს საბჭოში.
ამ საბჭოს წევრობას ჩემთვის ნერვების მოშლის მეტი არაფერი მოუტანია. სიკეთე იყო ის, რომ პირველი წყარო ვიყავი და უკვე დანგრეულსა და მშენებარე კორპუს კი არ ვხედავდი, არამედ პირველწყაროზე მიმიწვდებოდა ხელი. კამათი და ჩხუბი მქონდა ხშირად, რასაც იშვიათად, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლაც კი მოჰყოლია.
დირექტორმა კარგად იცის, რომ ამით არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, გული მოიფხანა თვითონ და რიჟვაძემ. მომხსნეს ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობდა“. – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ „პუბლიკასთან“
რა წერია გათავისუფლების ბრძანებაში ?
შოთა გუჯაბიძის გათავისუფლებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ბრძანების ტექსტში წერია, რომ:
„განსაკუთრებით ბოლო თვეებში შესამჩნევია, რომ საბჭოს წევრი „საზოგადოება ბათომიდან“ შოთა გუჯაბიძე ახორციელებს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ძირითადად დაკავებულია სააგენტოს მართვის სისტემის შეფასებით და არ ახორციელებს კონკრეტულ, პროფესიულ შეფასებებს პროექტებიდან გამომდინარე. საბჭოს სხდომის ოქმებში ნათლად იკითხება, რომ შოთა გუჯაბიძე საბჭოს სხვა წევრების მიამრთ გამოხატვს შეურაცხმყოფელ შენიშნვბე, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე რაცხავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენებად, რაც მიგვაჩნია, რომ არის წილისმწამებლური გამოანთქვამები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვბრძანებ შეწყვეტილ იქნეს საბჭოს წევრის შოთა გუჯაბიძის უფლებამოსილება.“ – ვკითხულობთ ბრძანებაში.