რატომ გაათავისუფლეს სოცმუშაკები – მინისტრის განმარტება

პუბლიკა

დღეს მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. დეპუტეტების შეკითხვების პასუხად მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გაათავისუფლეს 28 სოციალური მუშაკი.

„სამინისტროს სოციალურ სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე და იქედან გამომდინარე, რომ ბავშვთა ზრუნვის კომპონენტში ჩვენ ნამდვილად გვქონდა გარკვეული ხარვეზები და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ამის გამოსწორების, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვთა ზრუნვა გავხადოთ უფრო მიზნობრივი და, შესაბამისად, ის გადავიტანეთ ჩვენს მომიჯნავე ახალ სსიპ-ში, ამ სსიპ-ში განსაზღვრული იყო უკვე არსებული საშტატო ერთეულები და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ყველაზე მეტად დაწინაურებული და გამოკვეთილი თანმაშრომლების პირდაპირი წესით გადანიშვნის შესახებ. ეს იყო 205 თანამშრომელი, რომლებიც ასევე გადაინიშნენ იმ მიზნით, რომ არ ყოფილიყო წყვეტა და შეფერხება განსაზღვრული სამუშაოების, ვიდრე სსიპი სრულად შეძლებს ამოქმედებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თანამშრომლებს განემარტათ, რომ საშტატო ერთეულების რაოდენობა კიდევ 100-ით გაიზრდება. მისივე თქმით, სოციალური მუშაკების გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ ბავშვთა ზრუნვის სსიპ-ში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ეს ვაკანსიები არის ღია, ვაკანსიების რაოდენობა მაღალი. შესაბამისად, იმ 28 თანამშრომელს, რომელიც დღეს კომპენსირებულია და არ მუშაობს, შესაძლებლობა აქვს, ხელახლა დასაქმდეს მას შემდეგ, რაც ვაკანსიები გამოცხადდება“, – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, 1 წლის წინ სოციალური მუშაკებისთვის გაცემული პირობა შესრულებულია და უკვე იანვრიდან მათი სახელფასო ანაზღაურება 800-დან 1200 ლარამდე გაიზარდა.

გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინსიტროში გამოცხადებული რეორგანიზაციის სახელით სოციალური მომასხურების სააგენტომ დაკავებული თანამდებობებიდან 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა. უწყება მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ბუნდოვანია, რა ნიშნით შეარჩიეს ისინი. წინა კვირას სოცმუშაკთა პროფკავშირში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა სოცმუშაკმა განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილია ამ გადაწყვეტილების გამო და გეგმავს, თავისი და სხვა გათავისუფლებული სოცმუშაკების ღირსება სასამართლოში დაიცვას.