რატომ გაჭიანურდა სკოლების გარკვეულ ნაწილში რეაბილიტაციის პროცესი - მინისტრის განმარტება

პუბლიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის“ ეთერში განმარტა, თუ რატომ გაჭიანურდა სკოლების გარკვეულ ნაწილში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესი.

ამილახვარი ამბობს, რომ არის სკოლები, სადაც კონტრაქტორებმა ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულეს, აქვთ დაგვიანებაი და ვადაგადაცილება. მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო იქნება ძალიან მკაცრი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნასა და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.

„მაგრამ, ალბათ, ახლა, როცა მშობელი და მასწავლებელი ზის, ნაკლებად აინტერესებს ეს საკითხი და მას უნდა, რომ შვილი დადიოდეს იმ სკოლაში სადაც დაიწყო და ახლა რამდენიმეწლიანი წყვეტა აქვს. ასეთია დაახლოებით 200 სკოლა, სადაც დაიწყო რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ეს ბავშვები გადავანაწილეთ უახლოეს სკოლებში“, – ამბობს ამილახვარი.

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მილიარდი ლარია გათვალისიწნებული 800 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, ამათგან დაახლოებით 400 სკოლაში უკვე დაწყებულია რეაბილიტაციის პროცესი, 400 სკოლაში კი მომდევნო წელს დაიწყება. მისივე თქმით, ამის პარალელურად დონორებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით დაახლოებით 200 სკოლაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი.

„ჯამში, 1000 სკოლის გეგმა გვაქვს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის, საიდანაც დაახლოებით 300 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო წელს. დაახლოებით 200 მიმდინარეობდა და ახლო მომავალში დასრულდება.

ჩვენ ვერასდროს ვერ აღმოვფხვრით ინფრასტრუქტურულ პრობლემებს სკოლებში თუ ეს არ დავიწყეთ და ეს დაწყებულია. უახლოეს 3-4 წელიწადში პრაქტიკულად ყველა საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემები იქნება მოგვარებული და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული“, – განაცხადა მინისტრმა.