საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა და ნებისმიერ დროს შესაძლოა ისე დამძიმდეს, რომ ექიმების სასწრაფო ჩარევა გახდეს საჭირო. სააკაშვილის ადვოკატმა დღეს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მესამე პრეზიდენტს გუშინ ექიმების დახმარება დასჭირდა, რადგან მისი სასიცოცხლო მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა.
საქართველოს ხელისუფლება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის პირით ამბობს – თუ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ, ეს ციხის საავადმყოფო, N18-ე დაწესებულება იქნება. გუშინ ბრეგაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად საავადმყოფო დაათვალიერა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულიად გამართულია პაციენტის მისაღებად“.
ომბუდსმენის და კონსილიუმის პოზიცია
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ომბუდსმენი, რომლის წარმომადგენლებიც ასევე იმყოფებოდნენ ციხის საავადმყოფოში და ამბობენ, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, და „ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით”.
ამავე განცხადებიდან ვიგებთ კონსილიუმის დასკვნის გარკვეულ დეტალებსაც, კერძოდ, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი მიიჩნევს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს: მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირებ და სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია. რაც ომბუდსმენის დასკვნით, „სამწუხაროდ, N18 დაწესებულებაში შეუძლებელია”.
გარდა ამისა, ომბუდსმენი საუბრობს უსაფრთხოების რისკებზეც: „ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები კი საუბრობენ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, იგეგმებოდეს სააკაშვილის ლიკვიდაცია იმიტირებული ბუნტის მეშვეობით.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ, რომელიც მანამდე ამბობდა, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეკომენდებულია სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში. ფაღავამ კონსილიუმის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
იუსტიციის მინისტრის პოზიცია
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ პასუხობს ომბუდსმენის არგუმენტებს. მან დეტალურად არც ჟურნალისტებთან ბრიფინგისას ისაუბრა და ამ დრომდე არც ჩვენს კითხვაზე გაუცია პასუხი.
ჩვენ უწყებას ვკითხეთ, ხომ არ შეიცვალა პოზიცია სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ და თუ – არა, რას უპასუხებდა მის არგუმენტებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასული წლის მხოლოდ 8 თვის განმავლობაში ციხეებიდან სამოქალაქო კლინიკებში 585 პატიმარი გაიყვანეს.
„ივანიშვილის პიროვნული ბოღმაა გადამწყვეტი“
სამედიცინო და ფიზიკური უსაფრთხოების საკითხის მიღმა სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა/არგადაყვანაზე პოლიტიკურ მდეგენელებიც მოქმედებს, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი იმასაც შიშობს, რომ სამოქალაქო საავადმყოფოდან მესამე პრეზიდენტს მისი მომხრეები გაათავისუფლებენ. თუმცა არ დაუზუსტებია, რატომ არ შეუძლია სახელმწიფოს დაცვის ღონისძიებების გატარება.
ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლების ამ გაჯიუტების უკან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დგას. ზურაბიშვილის თქმით, წმინდა პოლიტიკურად რომ შევხედოთ, თუ ვინმეს აწყობს, რომ სააკაშვილი კარგად იყოს, არის ხელისუფლება. „მათთვის სრული კატასტროფა იქნება, რომ მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს. მაგრამ ამდენ ვერ ხვდება ის კაცი, სხვაგანაა”.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ არსებობს მითი სააკაშვილის მიმართ, „რომ ის არის კურდღელი, მშიშარა, მატყუარა, და ყველანაირი უარყოფითი თვისებითაა აღჭურვილი. მისი ციხეში ყოფნა კი ამ მითს ანგრევს, მე რომ ვიყო ხელისუფლების ადგილას, ხვალვე რაღაცას მოვიფიქრებდი, რომ რამენაირად გამეშვა. იმიტომ, რომ რაც უფრო დიდხანს რჩება ის ციხეში, მით უფრო ენგრევათ ეს მითი თვალსა და ხელს შუა”.
ზურაბიშვილის აზრით, ივანიშვილი იმაზეცაა გაღიზიანებული, რომ როგორც კი დააპატიმრეს, სააკაშვილი “არ გამოხტა და არ დაიწყო აღიარებითი ჩვენებების მიცემა, როგორ სძულს ყოველივე ქართული და მსგავსი „ასავალ-დასავლის“ სისულელეები არ აღიარა თავისი პირით”.
„ამ მითოლოგიის ტყვეობაშიც არიან, ღარიბაშვილის განცხადებაც, რომ სიმულანტობს, გაუგებარია, რას ნიშნავს სიმულანტობს? ციხეში მაგათ უზით და უყურებენ და ანუ ისე ჭამს რომ ესენი ვერ ხედავენ?” – გვეუბნება ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ივანიშვილი ყველაფერს განიხილავს პერსონალურ სიბრტყეში, „იმან თქვა – კიო, მე – არა და გამოდის, რომ მაჯობა”. აი ეს დონეა. პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით სააკაშვილს თმის ბეწვი არ უნდა ჩამოუვარდეს, მაგრამ ივანიშვილის პიროვნული ბოღმაა გადამწყვეტი. 9 წლის განმავლობაში ვერ მოერია. ხელოვნურად ინარჩუნებდა როგორც საფრთხობელას და ბუას. და ბოლოს აღმოჩნდა რომ მართლა ბუაა და ფაქტორია, და არა მხოლოდ სხვის შესაშინებლად გამოდგება, არამედ უკვე მასაც აშინებს.
პიროვნული ბოღმის, ჯავრის და ანგარიშსწორების გარდა, ვერ ვხსნი რატომ იქცევა ასე”, – ამბობს ზურაბიშვილი.