ლუკა გუადანინოს ახალი ფილმის, „მეტოქეების“ პრემიერა „კავეას“ კინოთეატრების ქსელში 35 დღით გადაიდო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფილმი „კინოთეატრებიდან მოხსნეს“ და ეს ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ ჰომოფობიურ კანონპროექტს უკავშირებდა, „კავეაში“ უარყოფენ.
„მეტოქეები“ საქართველოს კინოეკრანებზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, 25 აპრილს უნდა გამოსულიყო. „პუბლიკას“ კინოთეატრების ქსელის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ფილმის ჩვენება 30 მაისს გაიმართება. ამის შესახებ „კავეამ“ ინფორმაცია Facebook-გვერდზეც გაავრცელა. თარიღის გადაწევის მიზეზი ასე განგვიმარტეს:
„საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და მათ შორის, ამ პერიოდში, კინოთეატრებში დასწრების დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სტუდიებთან კონსულტაციით, გადაიხედა საპრემიერო ბადე. პრემიერის თარიღის ცვლილება მიღებული პრაქტიკაა“, – უთხრეს „პუბლიკას“ კინოთეატრების ქსელის პრესსამსახურში.
სხვა ფილმების ჩვენების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების შესახებ დასმულ შეკითხვას კინოთეატრში პასუხობენ, რომ განსაკუთრებით დიდი სტუდიები დასწრების მაჩვენებლების მიხედვით მსჯელობენ და პრემიერის თარიღი მათთან კონსულტაციის პირობებში წესდება.
ოსკარის ნომინანტი რეჟისორის ფილმი „მეტოქეები“ ჩოგბურთელების სასიყვარულო სამკუთხედზე მოგვითხრობს.