რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – რას ამბობენ ადგილობრივები

პუბლიკა

29 სექტემბერს კარწახთან ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ისინი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავ მანქანებს არ ატარებდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის ამ ფორმით ცდილობდნენ, გაერკვიათ, რატომ უშლიან ხელს ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომეხი ჯარისკაცებისა და დაზარალებულების დახმარებაში.

კარწახში სიტუაცია დღის ბოლოს დაიძაბა. გზის გადაკეტვის გამო, ათობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

„ფეისბუკზე წავიკითხეთ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მარტივად გაუხსნა გზა, ჩვენ კი გუშინ ძლივს შევძელით სურსათის გაგზავნა. გვაინტერესებს, რატომ არ გვაძლევს საქართველო უფლებას სომეხ სამხედროებს დავეხმაროთ”, – აცხადებდნენ ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით.

გამოცემის ცნობით, პროტესტის სულ სხვა ვერსიაზე საუბრობს ადგილობრივების ნაწილი: „მარნეულში მცხოვრებლებმა „სადახლოს“ გზა ჩაკეტეს, საიდანაც სხვა ქვეყნებიდან სომხეთში დახმარება შედიოდა. ახლა ეს ტვირთი „ბავრაზე“ გადააქვთ და ამის გამო მანქანებს დიდი გზის გავლა უწევთ. „სადახლო“ ჩაკეტეს, ამიტომ ჩვენ „კარწახის“ გზა გადავკეტეთ”.

 

„დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ჰქონდათ გზა ახალგაზრდებს ჩაკეტილი. მივხვდნენ, რომ ეს არ იყო სწორი და მალევე დაიშალნენ“, – ამბობს ახალქალაქის მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანი.

აქციის დაწყებისას ტელეკომპანია ATV-12-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში თურქეთიდან იარაღი და საბრძოლო მასალა შედის. აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ უსაუბრიათ.

*************

28 სექტემბერს ნინოწმინდაში მოქალაქეები შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ, ქართველ მესაზღვრეებს სომხეთში მათ მიერ შეგროვებული ნივთებით სავსე სატვირთო მანქანები გაეტარებინათ.

ადგილობრივი მედიის, „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე პირების დასახმარებლად მედიკამენტების, ტანსაცმლის, საკვებისა და საბურავების ჩატანა სურდათ. მათივე ცნობით, დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველო–სომხეთის საზღვართან შეკრებილ მოსახლეობას სურსათით დატვირთული მანქანების სომხეთში გადასვლის ნებართვა მისცეს. მათ საზღვარზე მანქანის საბურავებით დატვირთული ტრაილერების გაყვანაც სურდათ, თუმცა ამისი უფლება ვერ მიიღეს.

radio NOR-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოხალისეები მზად არიან მთიან ყარაბაღში გასამგზავრებლად. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ 28 სექტემბერს, 12 საათზე, ნინოწმინდაში ერთ-ერთ სტადიონზე დაიწყო ახალგაზრდა მოხალისეების რეგისტრაცია, რომელთაც სურთ ყარაბაღში წასვლა და სომეხი ხალხისა და ჯარისკაცების მხარდაჭერა. მათივე ცნობით, ახალქალაქში 15 საათზე ასევე დაგეგმილი იყო მოხალისეების რეგისტრაცია.

27 სექტემბერს, გამთენიისას მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები განახლდა. კონფლიქტის განახლებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ქვეყანა იმედს გამოთქვამს, რომ  სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში არ გადაიზრდება. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.