რატომ გადაწყდა პენსიონერების დანამატით წახალისება - გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამოც დღეიდან პენსიონერებზე აცრის შემთხვევაში 200-ლარიანი დანამატი გაიცემა.

„მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მძიმე გამოსავალი რაც არის, ლეტალური გამოსავალი, 85% ლეტალური გამოსავალი მოდის 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე, ანუ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე. 60 წელს ზემოთ მოსახლეობა სულ გვყავს ქვეყანაში 796 ათასი და აქედან დღევანდელი რიცხვით აცრილია 276 678 (34.7%) ორჯერადად, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ამ ყველაზე მოწყვლადი ფენის არ არის აცრილი, ყველაზე ბევრი ფატალური გამოსავალი გვაქვს სწორედ ამ ასაკში.

ამიტომაც დღევანდელი საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მწვანე პასპორტთან ერთად არის ის, რომ სერიოზული მონეტარული წახალისება უწესდება ამ ადამიანებს და ეს არ არის ქართული „ველოსიპედის გამოგონება“, ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა იმუნიზაციის წახალისებისთვის. ვფიქრობ რომ ამან უნდა წაახალისოს უფრო მეტად ეს მოწყვლადი ჯგუფი და სერიოზულად უნდა გავზარდოთ მოცვის მაჩვენებელი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ამ მიმართულებით, დაგეგმილია უფრო ფართო საკომუნიკაციო კამპანია.