დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ სიკვდილიანობის გაზრდილ სტატისტიკაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მათი განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის მომატებასთან ერთად მოსალოდნელი იყო სიკვდილიანობის სტატისტიკის გაზრდაც.
„საყურადღებოა ის, რომ, როცა შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ამას სიკვდილობის რაოდენობის მატება მოჰყვება 2-3 კვირის დაგვიანებით. დღეს კლინიკებში რჩება პაციენტების გარკვეული ნაწილი, რომლებიც არიან მძიმე მდგომარეობაში და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ამ დაავადების მართვის მეტად ეფექტიანი გზა არ არსებობს. ამიტომ სიკვდილობის შემთხვევების ასეთი მატება სწორედ განპირობებულია იმით, რომ პაციენტები, რომლებიც მოხვდნენ კლინიკაში 1-2 კვირის წინ, იქ ვერ დადგა ის გამოსავალი, რომელიც მათი გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება სიკვდილიანობის სტატისტიკა, რადგან საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების დიდი რაოდენობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ მომავალი ორი კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილობის მაჩვენებლის, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. ხელოვნურ ვენტილაციაზეა დაახლოებით 400-მდე პაციენტი, რომლებიც არიან კრიტიკულად მძიმები. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც ხედავთ სტატისტიკიდან ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, მოსალოდნელი იყო, რომ სიკვდილიანობა როგორც წესი დაახლოებით 2 კვირით-3კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ხოლმე ინფიცირების მაჩვენებელი.
ჩვენ 49 შემთხვევა, რაც დღეს გვაქს არის საკმაოდ მაღალი ჩვენთვის, 29 არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიბები აუცილებელია ქვეყნაში, რაც დღეს ტარდება, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, იგივე 24-25 დეკემბერს შემსუბუქების შემდეგ. შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში ჩვენ უნდა დავაკვირდეთ კარგად ეპიდემიის გავრცელბას ამ კვირაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
14 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3498.
ოფიციალური სტატისტიკით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში-518, აჭარაში-150, იმერეთში-239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში-222, აჭარაში-82, იმერეთში-52.