რატომ იხდიან პენსიონერები მაღალ საკომისიო და საპროცენტო განაკვეთს – გვენეტაძის განმარტება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს შეკითხვები დაუსვეს.

დეპუტატი კახა კახიშვილი პენსიების საკითხით დაინტერესდა.

„როგორც მოგეხსენებათ, პენსიებს არიგებს ერთი კერძო ბანკი, სახელმწიფო ფულს და ამავდროულად ძალიან მაღალი მომსახურებისა და საპროცენტო განაკვეთები აქვს დაწესებული. ეს, ერთი მხრივ, ჩემი აზრით, სრულიად არალოგიკურია; აღარ შევეხები პენსიის ოდენობას, მაგრამ, რაც აქვთ პენსიონერებს, იმის მომსახურებაც ძალიან ძვირი უჯდებათ. საპროცენტო განაკვეთები არარეალურია და მომსახურებაც, ანუ ყველაფერზე აკეთებენ ეკონომიას, საბანკო აპარატებზეც კი და ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან;

ჩვენი, სახელმწიფო ფულის დარიგებით არიან დაკავებულები და არა რაღაც კერძო… შესაბამისად, ხომ არ არის შესაძლებელი, სახელმწიფომ თავად უზრუნველყოს კონტროლი როგორც საპენსიო ბარათების საპროცენტი განაკვეთის, ასევე სერვისის კუთხით?“ – იკითხა კახიშვილმა.

დეპუტატის საპასუხოდ, კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ აღნიშნული კომერციული ბანკი ცდილობს, მომსახურების მიწოდების სერვისის გაუმჯობესებას; მანვე განმარტა, რატომ არის იმ ოდენობის საპროცენტო განაკვეთი და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის საკითხზეც:

„აქ მნიშვნელოვანია, რომ რესურსებზე იყოს წვდომა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელი უნდა იყოს ამ სესხის დაბრუნება.

როდესაც მე მოვედი ამ თანამდებობაზე, საპროცენტო განაკვეთები იყო, დაახლოებით, 100%-ზე მეტი. მოგეხსენებათ, საოპერაციოდ ზოგადად ხარჯიანია ეს პროდუქტი და საოპერაციო ხარჯსაც მოითხოვს, აქედან გამომდინარეა სხვა სესხებთან შედარებით უფრო მაღალი.

მოგეხსენებათ, იმის მერე ბევრი რამე გაკეთდა, ჯერ 100%-მდე შემცირდა საპროცენტო განაკვეთი, შემდეგ 50-მდე და ესეც, რა თქმა უნდა, შემცირდა.

რაც შეეხება სერვისებს, სახელმწიფომ ხომ არ უნდა გააკეთოს… ჩემი გადასაწყვეტი არ არის ამ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს უნდა, გააკეთოს; სხვადასხვა მოდელი არსებობს. ბევრ შემთხვევაში აი, ასე ბანკების საშუალებით ხდება ამ პენსიების დარიგება;

სამწუხაროდ, ახლა მე არ მაქვს სია, მაგრამ ბევრი რამ გაკეთდა, რომ ამ მხრივ მოეწესრიგებინა სიტუაცია: მოძრავი პუნქტები, შშმ პირებისთვისაც ბევრი რამ გაკეთდა;  რადგანაც რიგებია, ბანკმა სხვადასხვა დღეს დაიწყო პენსიის დარიგება… მე განვაახლებ სიას კომერციული ბანკისგან და წარმოგიდგენთ, რომ დაინახოთ რა გვაქვს, რა გაკეთდა და რისი გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.