„რატომ მომიკალით ძმა“ - ბათუმში ირაკლი კობახიძეს აქციით დახვდნენ

პუბლიკა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრას მართავს, ხმაური იყო.

სასტუმროსთან შეკრებილები არიან აქტივისტები და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი ამბობენ, რომ კითხვები აქვთ ირაკლი კობახიძესთან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილზე მისულია ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძეც. ის ირაკლი კობახიძეს საკონფერენციო დარბაზთან ელოდებოდა, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, მარამ პოლიციამ მას ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა.

„რატომ მომიკალით ძმა, რატომ არ იძიებთ, მხეცებო. კობახიძე გამოდი გარეთ”, – ამბობდა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და.

როგორც მედიით გავრცელებული კადრებით ჩანს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შრის იყო შეხლა-შემოხლა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავების შესახებ საუბრობენ თავად აქციის მონაწილეებიც. მათი თქმით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი განყოფილებაში გადაიყვანა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ და მოგვიანებით დაგვიკავშრდებიან.