რატომ შეესაბამება გერმანული მოდელი კონსტიტუციას – ვახუშტი მენაბდე

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განმარტებით, საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ სრულიად შეესაბამება კონსტიტუციას. ამის შესახებ ის ფეისბუკგვერდზე წერს.

„გერმანული მოდელი“ (მისი მოდიფიცირებული ვერსია) სრულებით შეესაბამება კონსტიტუციას.

(არ ენდოთ კონსტიტუციონალისტებს – ენდეთ საკუთარ ლოგიკას. არც ისე რთულია ეს ყველაფერი)

1. თავიდან მოდი, გავარკვიოთ რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის.

ეს მიღებული ხმების მანდატებში გარდასახვის ორი დიამეტრალურად განსხვავებული პრინციპია. შეცდომით მიიჩნევენ, რომ პირველ შემთხვევაში ხმას პატიას აძლევ და მეორე შემთხვევაში – კანდიდატს.  არადა, არსებობს მაჟორიტარული სისტემები, სადაც პარტიას აძლევ ხმას და პროპორციული, სადაც – კანდიდატს. სინამდვილეში პროპორციულ სისტემაში მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება, ხოლო მაჟორიტარულში უმრავლესობის პრინციპით. მაჟორიტარიზმის ფორმულაა: „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“…

2. ახლა ვნახოთ, რას ამბობს უზენაესი კანონი.

ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი შედგება „პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისგან“.

3. გადავიდეთ იმის შეფასებაზე, რასაც გვთავაზობენ.

დღეს პარტიის მიერ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით მოპოვებული მანდატები მექანიკურად ჯამდება. გერმანული მოდელის მიხედვით კი, პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანა დამოკიდებულია მაჟორიტარული წესით პარტიის მიერ მიღებული მანდატების წილზე პარლამენტში. თუმცა საბოლოოდ კონსტიტუციით განსაზღვრული პროპორცია ხელუხლებელი რჩება: ის დაკომპლექტებულია 73 მაჟორიტარისა და 77 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატისგან.

4. შეგვიძლია შევაჯამოთ:

ახლა პროპორცია ითვლება 77-დან, ხოლო გერმანული მოდელის – 150-დან. ეს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, საიდან უნდა დაითვალოს პროპორცია. ის უბრალოდ ადგენს, რამდენი პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი უნდა იყოს პარლამენტში და გერმანულ მოდელი, ამ თვალსაზრისით, პრობლემას არ ქმნის – 73 აირჩევა უმრავლესობის პრინციპით, 77 –  პროპორციულობის“, – წერს ვახუშტი მენაბდე.