ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ვაქცინაცის შემოტანასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მან ისაუბრა, როგორც „ფაიზერის”, ასევე „ასტრაზენეკას” ვაქცინებზე და აღნიშნა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის” ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, კვირის ბოლომდე კიდევ შედგება კონსულტაცია COVAX-ის, „ფაიზერისა” და საქართველოს მხარის მონაწილეობით, სადაც ეს ყველა დეტალი დაზუსტდება და უკვე გვეცოდინება, ზუსტად როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას, რაც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველომ უნდა მიიღოს პირველ კვარტალში.
ამ დოზებს ჩვენ ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა „ფაიზერის” მიერ დაყენებული დამატებით მოთხოვნების გამო, მთლიანად, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება გამოვიდა და ამდენად, მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ მარტის 1-2 კვირაში რეალურად მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით „ფაიზერისგან”, – აღნიშნა გაბუნიამ.
„რაც შეეხება „ასტრაზენეკას”, გაბუნიას თქმით, ასევე აქტიური კომუნიკაცია მიდის „ასტრაზენეკასთან” როგორც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან”.
„მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავტორიზაცია მისცა „ასტრაზენეკას” ორ ვაქცინას – ინდური და კორეული წარმოების. ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მოსალოდნელია, რომ COVAX-ის პლატფორმით გვქონდეს წვდომა ამ ორივე ვაქცინაზე. ამდენად, მიმდინარე დღეებში დაზუსტდება დეტალები, რა რაოდენობას მივიღებთ ჩვენ COVAX-პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას” ვაქცინის.
სავარაუდოდ, წინასწარი რაოდენობა არის 315 000 დოზამდე, მაგრამ ეს დაზუსტდება დღეს-ხვალ და დეტალურ ინფორმაციას მოგახსენებთ”, – განაცხადა გაბუნიამ.