TKT.GE საქართველოსა და ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის ბილეთებზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ შეექმნათ პრობლემა ვებგვერდის მომხმარებლებს ბილეთების ყიდვისას.
„დღეს, 27 თებერვალს, 12:00 საათზე უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარ-ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვები უნდა დაწყებულიყო. გაყიდვების დაწყება დაყოვნდა 45 წუთით, რაც განპირობებული იყო ჩვენს საიტზე დაფიქსირებული რეკორდული მოთხოვნით – 2 მილიონი მოთხოვნა (Request) წუთში.
მყისიერი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა ჩამდგარიყვნენ ონლაინ რიგში და დაეწყოთ ყიდვის პროცესი, რომელიც ამ მომენტითვისაც ყოველგვარი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ბილეთების გაყიდვა ხდება ყოველ ბილეთზე პირადი ინფორმაციის მითითებით, რის შედეგადაც შეიზღუდა გადამყიდველების აქტივობა საიტზე და ამის გამო საშუალოდ 5 წუთამდე გაიზარდა შესყიდვის პროცესის ხანგრძლივობა.
მადლობა მოთმინებისთვის და ასეთი დიდი ინტერესისთვის. ნებისმიერი ნაკრებისთვის შესაშურია მსგავსი გულშემატკივრობა!
აქვე ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გვჯერა, 21 მარტს ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ნაკრების ფინალში გასვლას!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.