რატომ შემცირდა საკარანტინე დრო 12 დღიდან 8 დღემდე - გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ შემცირდა საკარანტინე ვადა 8 დღემდე. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აანალიზებს მონაცემთა ბაზას.

„ვიცით, დაახლოებით რომელ დღეს ხდება ხოლმე ძირითადად ინფიცირება. რომელ დღეს არის ძირითადად გადამდები. 4 სექტემბრიდან მოყოლებული გერმანულენოვან პრესაში აქტიურად განიხილება დროსტენის (ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგის) ჰიპოთეზა, რომ ინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ ვირუსი სერიოზულად დასუსტებულია“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო გამოცემები და პუბლიკაციები მიუთითებენ, რომ მე-7, მე-8, მე-9 დღიდან, ამ პერიოდში ადამიანი გადამდები აღარ არის. მისივე განმარტებით, რომც იყოს ვირუსი ცხვირ-ხახაში და აღმოაჩინონ, ვირუსის კონცენტრაცია და მისი გადამდებლობა ძირითადად აღარ აღინიშნება.

„ვიცით, რომ კლასიკურად ინკუბაციის ვადა იყო 2-14 დღემდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოწოდებული. მაგრამ იქვე ჯანმო გეუბნება, რომ ქვეყანამ თვითონ უნდა დაადგინოს ვადა ამ საკარანტინე თუ თვითიზოლაზიის დღეებისა. ბევრ ქვეყანას აქვს 10 დღე, ბევრ ქვეყანას აქვს – 12, ზოგს აქვს -14. ჩვენ დავიწყეთ 14-ით, შემდეგ ჩამოვედი 12-ზე და ახლა, საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი და გადაწყვეტილება იქნა მიღებული – ტესტირების ფონზე 8 დღემდე კარანტინის ჩამოსვლა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, მე-8 დღეს ადამიანს უკეთდება PCR ტესტირება. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, ის გადის კარანტინიდან, მაგრამ ვალდებულება აქვს, რომ მე-12 დღეს ამბულატორიულ პირობებში ჩაიტაროს PCR ტესტირება და შემდგომ ისე განაგრძოს თავისი მოძრაობა.

„მე როგორც ექიმი, ინფიცირებულს მივცემდი რეკომენდაციას, რომ მე-8 დღის შემდეგ ის მაინც გარკვეულად შეზღუდული იყოს და მე-12 დღის შემდეგ, როდესაც ჩატარდება ტესტირება, უფრო თამამად შეუძლია საზოგადოებაში გასვლა”, – აღნიშნა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.


დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განცხადება საკარანტინო ვადის შემცირებაზე გააკეთა. მისი თქმით, 12 დღის ნაცვლად კარანტინში გასატარებელი დღეების რაოდენობა 8 დღემდე შემცირდება.