რატომ შეუზღუდეს მედიას ინტერნეტზე წვდომა „ოცნების" ღონისძიებისას

პუბლიკა

დღეს, 20 ივლისს პარტია „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე, სადაც „ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, ინტერნეტწვდომა და სატელეფონო კავშირი შეფერხებული იყო, რის გამოც ადგილიდან მომუშავე ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ ოპერატიულად ინფორმაციის გავრცელებაში.

„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, პარტიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე და დასრულების ჩათვლით, დაახლოებით 40 წუთზე მეტი პერიოდით, ინტერნეტი დახშული იყო. „პუბლიკის” რედაქცია და ჟურნალისტი ვერ ახერხებდა ერთმანეთთან კომუნიკაციას. ადგილიდან ვერ ვიღებდით კორესპონდენტის მიერ გადაღებული ღონისძიების ამსახველ კადრებს, ასევე შეფერხებით მუშაობდა სატელეფონო კავშირიც.

მსგავსი პრობლემა შეექმნა News.on.ge-ის რედაქციასაც:

„ინტერნეტი და ზოგადად კავშირი რომ ჩაიხშობოდა, არავის უთქვამს. მსგავსი შემთხვევა ერთხელ მქონდა, ისიც აქციის დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოდიოდა, მაგრამ იქ რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი კავშირს რედაქციასთან.

ამ შემთხვევაში სრული ვაკუუმი იყო. გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყველანაირი კავშირი გაწყდა, რედაქციაშიც ვერ ვახერხებდი დარეკვას, რომ გამეფრთხილებინა. ამას რომ თავი დავანებოთ, მთლიანად შემეზღუდა მუშაობის საშუალება. ვერც ფოტოებს ვაგზავნიდი, ვერც ტექსტს. ჟურნალისტები ცალკე სივრცეში ვიყავით და ვერსად გავდიოდით. ფაქტობრივად, პარალიზებული ვიყავი”, – აცხადებს „პუბლიკასთან” news.on.ge-ს ჟურნალისტი ანა ვახტანგაძე.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერნეტის შეზღუდვა უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით მოხდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა მედიასაშუალებას შეუფერხებლად მიეწოდებოდა ღონისძიების სიგნალი. რეპლიკაზე, რომ, გარდა სიგნალისა, ონლაინმედიებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ინტერნეტზე წვდომა სხვა სახის ინფორმაციის გადაცემისთვისაც არის საჭირო, პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ:

„რამდენიმე წუთით იყო შეზღუდვა, უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით. არ დამითვლია, კონკრეტულად რამდენ წუთს გაგრძელდა ეს, საუბარია რამდენიმე წუთზე”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

„პუბლიკამ” პრესსამსახურს სთხოვა, გაერკვია, რა კუთხით იყო ინტერნეტი საფრთხის შემცველი. მათ გვითხრეს, რომ ეცდებიან აღნიშნული ინფორმაციის გარკვევას. განმეორებითი კომუნიკაციის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ მეტ დეტალის ამ საკითხზე ვერ გვეტყვიან.