რატომ უნდა პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის წახალისება, რითაც რუსეთსა და ირანს ხმა ეძლევათ რეგიონის საქმეებში - კელი

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი საუბრობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, რეგიონში ამ კუთხით შექმნილ გამოწვევებზე და ასევე ყურადღებას ამახვილებს „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ შესახებ ინიციატივაზე.

„ამ „მშვიდობის დაბრუნებას“ რუსული ჯარები ასრულებენ. რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს ხმა ეძლევათ თქვენს რეგიონულ საქმეებში?“ – წერს კელი ტვიტერზე.

სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება ვიდეოს ფორმატით ტვიტერზე გუშინ გამოაქვეყნა:

„მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.

ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზანის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


11 დეკემბერს, „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე საუბრით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა.

„ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით. საჭიროა, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.