რატომ ვერ რეგისტრირდება მოქალაქეთა ნაწილი „სინოფარმის“ მეორე დოზაზე

პუბლიკა

კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე დღის წინ აცრილ მოქალაქეთა ნაწილი „სინოფარმის“ მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას ვერ ახერხებს, რადგან, მათი თქმით, პორტალზე ასახული არ არის, რომ პირველი დოზით უკვე აიცრნენ. „პუბლიკასთან“ მსგავსი პრობლემის შესახებ „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში აცრილი მოქალაქეც საუბრობს.

კლინიკა „ვივამედის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მათი მხრიდან აცრილი პაციენტების მონაცემები ყოველდღიურად ეგზავნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

კლინიკის ცხელ ხაზე გვითხრეს, რომ მსგავსი პრობლემით ბევრი მოქალაქე მიმართავს. აღნიშნულის შესახებ კლინიკას კომუნიკაცია ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. იდენტიფიცირებულია ყველა მსგავსი პრობლემის მქონე მოქლაქე და მათი მონაცემები ეტაპობრივად აისახება ბაზაში. ცხელ ხაზზე პასუხი არ აქვთ, კონკრეტულად რა ვადაში გამოსწორდება ხარვეზი.

1522 ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ 20 მაისიდან სისტემური ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო, თუმცა მოქალაქეები ამ დრომდე ვერ რეგისტრირდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურში კი გვირჩიეს, გვერდი გადაგვეტვირთა. ასევე, გვითხრეს, რომ პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობაენ და „ალბათ, გასწორდება“.

როგორც „პუბლიკასთან“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ქსელის განახლება მიმდინარეობს.

„როგორც მითხრეს, პორტალი მუშაობს ხარვეზებით, რადგან ქსელის განახლება მიმდინარეობს და დამთავრდება ერთი საათის განმავლობაში. 3 000-ზე მეტი ადამიანი დღეს უკვე დარეგისტრირდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


„სინოფარმის“ პირველი დოზით აცრა საქართველოში 4 მაისიდან დაიწყო. ქვეყანას 100 ათასი დოზა აქვს შეძენილი, რაც 50 ათასი ადამიანისთვის არის საკმარისი.

20 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყო რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს, დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.